ოთარ შამუგია: სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 218 ახალი საწარმოს შექმნაა დაფინანსებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი სექტორის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
„2014 წლიდან მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. პროგრამის დაწყებიდან, დღემდე, დაფინანსებულია 218 გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. დაფინანსებული საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, შეიქმნება 250 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს. 128 საწარმო უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად, იწარმოება 130 მილიონი ლარის პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 43 000 ტონა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.