არჩილ თალაკვაძე: საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივა არა სასამართლოს დამოუკიდებლობით და თავისუფლებით დაინტერესებული ნაბიჯია, არამედ ევრორეკომენდაციების საბოტაჟია

„პირდაპირ და პრინციპულად უნდა ითქვას, რომ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ინიციატივა არა სასამართლოს დამოუკიდებლობით და თავისუფლებით დაინტერესებული ოპოზიციის ნაბიჯია, არამედ რეალურად ეს ინიციატივა არის სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, ევრორეკომენდაციების საბოტაჟია”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

მისი განცხადებით, ოპოზიციამ კარგად იცის, სასამართლოს დაზიანებით და ამ პროცესის წამოწყებით ეფექტურად შეუშლის ხელს რეკომენდაციების შესრულებას.

„ასევე, ეს ინიციატივა არის მოსამართლეებზე შურისძიების მორიგი მცდელობა. რადიკალური ოპოზიცია ვერანაირად ვერ ეგუება იმას, რომ მათი ხელისუფლების დროს დანიშნულმა და შემდეგშიც, ჩვენი ხელისუფლების დროს დანიშნულმა მოსამართლეებმა, არაერთხელ რეალურ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გაასამართლეს მათი ყოფილი პოლიტიკური ლიდერები და გაასამართლეს ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე.
სწორედ ამ შურისძიებისთვისაც სჭირდებათ ამ საგამოძიებო პროცესის დაწყება. სინამდვილეში, ესაა მათი მიზნები და არა ის, რასაც წერენ განმარტებით ბარათში”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი სწორი სიტყვა, რაც წერია განმარტებით ბარათში, რაც აინტერესებს ოპოზიციის მხარდამჭერებს და სატელიტებს, არის სიტყვა „წმენდა” მოსამართლეებსა და სასამართლოსთან მიმართებით. „მოგვიწოდებენ და გვსაყვედურობენ, თუ რატომ არ ჩავატარეთ წმენდა სასამართლოში ისე, როგორც თავის დროს ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამ” და გვახსოვს რომ ეს წმენდა არა მხოლოდ სასამართლოში, მედიაშიც, ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც, განათლების სისტემაშიც, ყველგან ჩაატარეს მათ და ასე მივიდნენ ავტორიტარიზმთან და ბოლოს იმ მარცხთან, რომელსაც სისტემური მარცხი უწოდა ზუსტად მათმა ყოფილმა თავმჯდომარემ და ლიდერმა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები