იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გადამეტებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს შეეხება.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს განახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
პირველი ეტაპისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებს: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში. კანონპროექტის ავტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ა(ა)იპ „მწვანე პოლუსი”, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები