გიორგი ცუცქირიძე: უკრაინის არმიის კონტრშეტევა თურქეთის არჩევნებზეა პოლიტიკურად მიბმული – იგებს ოპოზიცია, იგებს დასავლეთი და აგებს რუსეთი!
რეალურად უკრაინის არმიის კონტრშეტევაც თურქეთის არჩევნებზეა პოლიტიკურად მიბმული. იგებს ოპოზიცია, იგებს დასავლეთი და აგებს რუსეთი! – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველო მზად უნდა იყოს მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისათვის, რადგან თურქეთი ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა და შუა დერეფნის საკვანძო პლატფორმაა.
„გეო პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ცალკეული ქვეყნების ინტერესთა კვეთას ან დაპირისპირებას ამა თუ იმ რეგიონში, ის შეიძლება განვრცობილი იყოს ქვეყანათა ალიანსების დაპირისპირებით ერთმანეთთან, ან სულაც რომელიმე ქვეყანასთან და ამავდროულად იმ ქვეყნების ინტერესთა ჩართულობით, რომლებიც პირდაპირ ამ გეო პოლიტიკური კვეთის ხაზზე არ გადიან.
დღევანდელი გეო პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც უკრაინაში რუსეთის და უკრაინის სამხედრო კონფლიქტშია ასახული სწორედ ამ გლობალური მოთამაშეების დაპირისპირების ეპიცენტრია, ჩინეთის როგორც ე.წ. გარე მოთამაშის მონაწილეობით. ანუ სახეზეა ყველა გეო გლობალური ძალის ჩართულობა ამ კონფლიქტში, სადაც თუ კოლექტიური დასავლეთის ინტერესი, რუსეთის ენერგო წიაღისეულის დასაკუთრებაა, იგივე მიზანი აქვს ჩინეთსაც, ანუ აქ არის დასწრება დასწრებაზე.
ჩინეთ-აშშ-ის პოლიტიკური შერკინებაც სწორედ რუსულ ვექტორზე გადის, ამიტომ არის ძალზე მნიშვნელოვანი უახლოესი პერიოდის მოსალოდნელი ცვლილებები, მათ შორის საქართველოსთვის. თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს არ გადის აქ 2024 წლის არჩევნებზე, არამედ უკვე პოლიტმოქმედებათა ყველაზე დიდი ამფითეატრი უახლოეს ერთ თვეში მაისში თურქეთში გაიმართება.
შესაბამისად თურქეთსაც ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს გეო პოლიტიკურ განედად აქცევს საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ გეგმავს მონტრეს 1936 წლის ხელშეკრულების გაუქმებას, რაც ნიშნავს ნატოს გემების შავ ზღვაში შემოსვლას ყოველგვარი შეთანხმების გარეშე რუსეთთან და თურქეთთან, თურქეთის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. კერძოდ კი 14 მაისის არჩევნებს თურქეთში, ამ არჩევნების შედეგების საქართველოზე პირდაპირი გავლენის ფაქტორიდან გამომდინარე.
ბუნებრივია, თუ ერდოღანი ამ არჩევნებში დამარცხდა და გაიმარჯვა ოპოზიციურმა კოალიციამ უკვე ამ სცენარისას, დიდი ალბათობით, მონტრეს კონვენცია გადაიხედება. ბოსფორისა და დარდანელის ე. წ გასაღები კი გადადის აშშ-ს ხელში, და ნატო-ც ფაქტიურად აშშ-ს გეოპოლიტიკური ესპანსიის ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდება შავი ზღვის აუზში!
მოვლენათა განვითარების ეს სცენარი მნიშვნელოვანწილად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში და მთლიანად რეგიონში, მათ შორის უკრაინის ფრონტზე. რეალურად უკრაინის არმიის კონტრშეტევაც თურქეთის არჩევნებზეა პოლიტიკურად მიბმული. იგებს ოპოზიცია, იგებს დასავლეთი და აგებს რუსეთი!
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისათვის, რადგან თურქეთი არის რა ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, და შუა დერეფნის საკვანძო პლატფორმა. ამიტომაც არეულობების ინსპირაცია და მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება თურქეთში, რაზეც არაერთი თურქი და უცხოელი ექსპერტი საუბრობს, პროცესების ესკალაციას აქაც გადმოიტანს, არაერთი შიდა თუ საგარეო აქტორთა ინტერესთა თანხვედრის გამო!!
აშშ-ის სახდეპის ბოლო განცხადებაც აქ მოსამართლეთა ნაწილის დასანქცირებაზე, არის სწორედ ამ მოსალოდნელი სცენარის შემადგენელი ნაწილი, და აისახება იმ მოვლენებში, რომლებიც ჩვენს ირგვლივ გათამაშდება უკვე უახლოეს პერიოდში“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.