თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობს, ბელა მირიანაშვილს, 85 წელი შეუსრულდებოდა
თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობს, ბელა მირიანაშვილს, 85 წელი შეუსრულდებოდა. კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს ბელა მირიანაშვილის ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში.
„ბელა მირიანაშვილი, შედარებით ხანმოკლე შემოქმედებითი საქმიანობის მიუხედავად, ქართული სამსახიობო ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. საზოგადოებისათვის დაუვიწყარია მისი თეატრალური თუ კინოგმირები.
ბელა მირიანაშვილი თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის მე-4 კურსიდან თამაშობდა რუსთაველის თეატრში, სადაც მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუას, მედეა კუჭუხიძის გახმაურებულ სპექტაკლებში შექმნა უაღრესად საინტერესო სცენური სახეები: მზია („ჭინჭრაქა“), სონა („ხანუმა“), ქეთინო („ვახშმობის წინ“), პაკი („ზაფხულის ღამის სიზმარი“), კორდელია („მეფე ლირი“), ლაურა („შუშის სამხეცე“) და სხვა.
სცენური და ეკრანული ხიბლით გამორჩეული მსახიობი სტუდენტობის პერიოდშივე მიიწვიეს კინემატოგრაფშიც. უსაზღვრო პოპულარობით და მაყურებელთა სხვადასხვა თაობის დიდი სიყვარულით სარგებლობენ ბელა მირიანაშვილის რომანტიზმით, სისადავითა და ბუნებრიობით გამორჩეული კინოგმირები: თებროლე („საბუდარელი ჭაბუკი“), ნანი („უდიპლომო სასიძო“), ლამარა („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“), ლიანა („წარსული ზაფხული“)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.