გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ რჩებიან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები და გრძელდება ადამიანების უფლებების ხელყოფა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია.
რუსეთის ფედერაცია დღემდე არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება.
ამ ვითარებაში სრულიად აღმაშფოთებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ რეალობის დაკანონებას ე.წ. “არჩევნების” ან დემოკრატიული მმართველობის რაიმე ელემენტის არსებობის ილუზიის შექმნის გზით”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, მადლიერებას გამოთქვამს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები