ალექსი პეტრიაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა – ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრესცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს ნატოს 2014 წლის უელსის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები. პოლონეთის ელჩმა დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი პოლონეთის მხარდაჭერა. პოლონეთის მხარემ შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.