არეულობა ისრაელში – თელ-ავივში პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა (ვიდეო)

ისრაელში სასამართლოს რეფორმის გატარების მცდელობა არეულობაში გადაიზარდა.

Times of Israel-ის ინფორმაციით, პოლიციამ თელ-ავივში გვიან ღამით მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა მას შემდეგ, რაც შეკრებილებმა ცენტრალური გზატკეცილი დაბლოკეს.

26 მარტს ათასობით დემონსტრანტმა იერუსალიმში ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად პოლიციის საგუშაგო გაარღვია მას შემდეგ, რაც მან თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი, იოავა გალანტი გაათავისუფლა. 25 მარტს ​გალანტმა ტელემიმართვაში მთავრობას უსაფრთხოების მიზნით რეფორმის შეჩერებისკენ მოუწოდა.

ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლებას “ახალი ფსკერი” უწოდა.

„ნეთანიაჰუს შეუძლია, გალანტი გაათავისუფლოს, მაგრამ მას არ შეუძლია, გაათავისუფლოს რეალობა ან გაათავისუფლოს ისრაელის ხალხი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს კოალიციის სიგიჟეს“, – თქვა ლაპიდმა.

ისრაელში უკვე მესამე თვეა, სახალხო პროტესტი არ ცხრება იმის გამო, რომ მთავრობამ უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვა გადაწყვიტა. ამჟამინდელი კანონის მიხედვით, უზენაეს სასამართლოს პარლამენტის გადაწყვეტილების ბლოკირება შეუძლია, თუ მათ არაკანონიერად ცნობს. შეთავაზებული ცვლილებები ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვეტო შეიძლება, გადაილახოს უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით – 61 ხმით.

ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველი კოალიცია, რომელსაც ქნესეთში მანდატების უმრავლესობა აქვს, შეძლებს, თავისუფლად მიიღოს ან გააუქმოს ნებისმიერი კანონი.

კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში დიქტატურას გამოიწვევს. ნეთანიაჰუ კი პირიქით, არსებულ ვითარებას ,,ანტიდემოკრატიულს,, უწოდებს, როდესაც სასამართლოს შეუძლია, შეზღუდოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა.

დღეს, ადგილობრივი დროით 14:00-ზე იერუსალიმში ქნესეტთან მასშტაბური აქცია დაანონსდა. თუმცა, ამ დროისთვის ადგილზე დემონსტრანტები რჩებიან.

ისრაელის მე-13 არხის ინფორმაციით, თელ-ავივში გვიან ღამით აქციის მონაწილეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები