გიორგი ცუცქირიძე: ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინის არმიას კონტრშეტევაზე გადასასვლელად არ ყოფნის თანამედროვე შეიარაღება, აჩენს ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ბლეფი

“უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინის არმიას კონტრშეტევაზე გადასასვლელად არ ყოფნის თანამედროვე შეიარაღება, აჩენს ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ბლეფი და გათვლილი იყოს მოწინააღმდეგე მხარის მოდუნებაზე”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დღეს არის მეტად საინტერესო სიტუაცია, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზეა გადასული.
“ანალოგიურად პირველი კონტრშეტევისა, როდესაც რუსული არმიისათვის იყო მოულოდნელი კონტრშეტევის მიმართულება, რომლის დროსაც ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება მოხდა.
დღეს არის მეტად საინტერესო სიტუაცია, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზეა გადასული. ამის მანიშნებელია უარი ტოტალურ მობილიზაციაზეც, რადგან როგორც ჩანს პუტინი ერიდება როგორც ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანას მოსალოდნელი ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდის გამო, ასევე მოსახლეობის პროტესტსაც.
მეორეს მხრივ, თუ ზელენსკის განცხადება ბლეფი არ არის, მაშინ იგი გათვლილია დასავლეთზე, მიაწოდონ თანამედროვე იარაღის გაცილებით დიდი პარტიები.
ყველა ვარიანტში თუ რომელი ვერსიაა რეალობა, უკვე ამ ზაფხულს გამოჩნდება გადავა თუ არა უკრაინა კონტრშეტევაზე და რა ძალებით.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინისათვის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის გაცემა, უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ბავ­შვე­ბის უკა­ნო­ნო დე­პორ­ტა­ცი­ის სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში ბრა­ლის წაყენებით, ამ ომის სწრაფად დამთავრების მოლოდინებს ამცირებს, და საშუალოვადიან პერსპექტივად უფრო აქცევს. სამხედრო დამნაშავესთან მოლაპარაკებაზე არავინ დაჯდება. ეს პერსპექტივა პროცესებს შემდგომი ესკალაციისაკენ წაიყვანს და სულ მინიმუმ 2025 წლამდე მაინც გადაწევს, რაზეც არაერთი დასავლეთელი ანალიტიკოსი მიუთითებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტ ფრაუ ანალენა ბერბოკის ვიზიტი და განცხადება – ხედავს მცდელობას, რომ საქართველომ გადაუხვიოს პროევროპულ კურსს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის წინ გააკეთა, ბევრ რამეზე მიუთითებს, ისევე როგორც მისი დატვირთული ვიზიტისას დროის ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრების მხარეს გადატანა, სწორედ ამ ომის საშუალოვადიანი პერსპექტივის გადასახედიდან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თბილისში მისივე განცხადებით გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
შემთხვევითი არც აშშ-ის ელჩის და სენატორთა ნაწილის განცხადებებია, ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე, რაც პოლიტიკურ ველზე ძალთა ახალი ბალანსის სურვილის მიმანიშნებელია.
თუ ამას ყველაფერს დასავლეთსა და რუსეთს შორის გლობალური ომის კონტექსტში გადავიყვანთ, უნდა ვივარაუდოთ რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც არა ამ წელს არამედ 2024 წლის არჩევნებზე იქნება მიბმული. უფრო სწორედ, დასავლეთი მაქსიმალურად ეცდება, რომ იგი პოლიტიკურ ინსტრუმნენტად ბოლომდე გამოიყენოს, ხოლო 2024 წელს პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეიცვალოს და ქვეყანა კოალიციური მმართველობის კონფიგურაციაზე გადავიდეს! არა მგონია, იმდენად ბრიყვები იყვნენ, რომ “ქართული ოცნების” ფაქტობრივად გაკოტრებული და მარგინალიზირებული “ნაციონალებით” ჩანაცვლებაზე ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს!
ამ პერიოდში ზეწოლაც “ქართულ ოცნებაზე” არა თუ შემცირდება, არამედ ვფიქრობ კიდევ უფრო გაიზრდება.
შექმნილ გლობალურ გამბიტში “ქართული ოცნების” ამოცანა არის არც თუ მარტივი, ქვეყანა სერიოზული რყევების გარეშე მიიყვანოს 2024 წლის არჩევნებამდე. ხელისუფლებამ მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს ამ ეტაპზე თუნდაც “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული და პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული ე.წ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივებისაგან, ამ ტიპის ინიციატივების წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე.
8-9 მარტის მოვლენებმაც აჩვენა, რომ გარე თუ შიდა ინტერეს ჯგუფებს ნაკლები მიზეზი უნდა მიეცეთ მსგავსი სპონტანური გამოსვლების პროვოცირებისათვის, რაც ისევ ხელისუფლებაზე ზეწოლისათვის იქნება გამოყენებული, უკვე გაცილებით მაღალი დოზით, ხოლო უარეს შემთხვევაში რევოლუციურ სცენარშიც კი თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს!
არჩევანს კი საბოლოოდ მაინც ქართველი ხალხი გააკეთებს, იმისდა მიუხედავად თუ ვის რა სურს და დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ჩვენი ისტორიის ამ მეტად საბედისწერო პერიოდსაც ნაკლები დანაკარგებით გაივლის!”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები