„ბატონ გივი ყანდარელს ბევრჯერ საკუთარი ფუნჯები და აკვარელის საღებავები მოუტანია ჩვენთვის“…

ბავშვობიდან ხატავდ და პროფესიადაც მხატვრობა აირჩი. სწავლობდ თბილისის ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ხალხური რეწვის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგი იყო   გივი ყანდარელი.
ვერ წარმომიდგენია, სხვა პროფესია ამერჩიაყოველდღიურად მახარებს ის, რასაც ვაკეთებ. თუ ჩემი ნახატები ადამიანებსაც გაახარებს, ეს ჩემთვის ველაზე დიდი ბედნიერება იქნება“. – თამარ ჩიხლაძის პერსონა.

ბავშვობიდან ხატავთ.  საინტერესოც გექნებათ გასახსენებელი…
–  პატარაობიდან ვხატავ.  ძალიან მიყვარდა სადღესასწაულო ბარათების და წიგნის სანიშნეების ხატვა. სკოლაში ნებისმიერი საგნის რვეულის ბოლო ფურცლები სულ ნახატებით მქონდა სავსე. ბევრჯერ მასწავლებლებისგანაც მიმიღია შენიშვნა.
პროფესიად მხატვრობა აირჩიეთ და  თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდით…
– ჩემი სტუდენტობა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც არც გაზი იყო და დენიც იშვიათად მოგვეწოდებოდა. მოგეხსენებათ, სახატავი მასალები არც ისე იაფია. იმ დროს კი განსაკუთრებით ჭირდა მათი შეძენა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ  მაინც არ ვჩერდებოდით. თუ სახატავ ქაღალდს ვერ ვშოულობდით, შპალერის უკანა მხარეზე ვხატავდით. ბატონი გივი ყანდარელი უდიდესი მხატვარი და ამავდროულად ძალიან კეთილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო. ძალიან ბევრჯერ საკუთარი ფუნჯები და აკვარელის საღებავები მოუტანია ჩვენთვის. გაჭირვების მიუხედავად, სტუდენტობის წლები ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ მოგონებად დამრჩა.
– ხატვა… ფერწერული ტილოებიდან რომელს გამოარჩევდით?
– ახლა ვმუშაობ ნახატების სერიაზე, რომელსაც „მიტოვებული სახლები“ ჰქვია. სულ 10 ნახატი იქნება. ეს სერია განსაკუთრებით მომწონს. ძალიან განვიცდი იმას, რომ სულ უფრო მეტი სოფელი ცარიელდება და სულ უფრო მეტი სახლი რჩება უპატრონოდ. მინდოდა ეს განწყობა ნახატებში გადმომეცა.
– ამზადებთ ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს, ორიგინალურ საახალწლო აქსესუარებს…
– ალბათ, როგორც ბევრი ჩვენგანისთვის, ახალი წელი ჩემთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაულია. ამიტომ, ახალი წლის აქსესუარების დამზადება განსაკუთრებით მიყვარს. მზადებას ზაფხულიდან ვიწყებ. ვაგროვებ გირჩებს, სხვადასხვა ფერად ვღებავ მათ. ვამზადებ ყვავილებს თექისგან, სხვა აქსესუარებს და ვაწყობ ნაძვის ხეებს.
ყაისნაღით ქსოვთ საყელოებს, ფარდაგებს, მაგიდის და საწოლის გადასაფარებლებს, პლედებს… მართლაც, ულამაზესი ნაქარგებით… როგორ იქმნება თითოეული ნამუშევარი?
– ვინაიდან ჩემი პროფესია გობელენია, ძაფებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს გადასაფარებლების, პლედების ქსოვა. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია ჩემთვის. შთაგონება სხვადასხვა გზით მოდის. მაგალითად, ერთ პლედს „ფრიდას ყვავილები“ ჰქვია და ფრიდა კალოს ნახატებზე გამოსახული ყვავილების მიხედვითაა გაკეთებული ნაქსოვი. კიდევ ერთი პლედის მოქსოვა კი მაროკოს ფერებმა შთამაგონა. პლედის მოქსოვა საკმაოდ შრომატევადია. ერთ პლედს დაახლოებით 2-3 თვე ვქსოვ.
– გულსაბნევი – საქართველოს რუკა, – მათი შექმნის იდეა?
– გულსაბნევი საქართველოს რუკით პირველად ჩემთვის გავაკეთე. შემდეგ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და შეკვეთითაც დავამზადე.
– უკრაინის ომმაც მოგცათ შთაგონება…
– უკრაინაში ომი რომ დაიწყო,  უსუსურობის საშინელი გრძნობა დამეუფლა – როდესაც არ იცი, რა უნდა გააკეთო. რამდენიმე დღე ადგილს ვერ ვპოულობდი და სწორედ მაშინ შეიქმნა ნახატი, რომელშიც შევეცადე იმ დღეების შეგრძნებები გადმომეცა.
– ჰობი…
– ბოლო დროს ძალიან გამიტაცა ავეჯის გადაკეთება-რესტავრაციამ. რამდენიმე ნივთი უკვე დავამზადე… შირმა, მოვხატე ჩარჩოები სარკისთვის, სკამები.
– ოჯახი…
– ვცხოვრობ დედასთან ერთად. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მთელი ცხოვრების მანძილზე მისგან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობ.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– 2005 – თბილისის ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის, სანახაობათა მხატვრული გაფორმების სახელოსნოს  სტუდენტთა და პედაგოგთა ერთობლივი გამოფენა;
2010 – 2012 – 2013 წლები – ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში გამართული ერთობლივი გამოფენები;
2016  – მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული საშობაო გამოფენა;
2021  – Digital exhibition week of women in art.  ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა;
2022  – Digital exhibition week of women in art.  ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა-აუქციონი.
2022  – ხელოვანთა არხი – სოლიდარობა უკრაინას.
2015 წლიდან ვარ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
2021-2022წ.წ. – სერტიფიკატი –  ხელოვან ქალთა გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.
2022  – Art and joy in the world  (საბერძნეთი).
2023 – Eciraorganizacion (არგენტინა).
ჩემი რამდენიმე ნახატი და პლედი გაყიდულია საზღვარგარეთ. სამომავლოდ პერსონალური გამოფენის მოწყობას ვგეგმავ.

                                                                                                            თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები