“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი უკვე 16 წელია, შეუფერხებლად აწვდის ნავთობს მსოფლიო ბაზრებს” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი წარმატებული ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც უკვე 16 წელია, შეუფერხებლად აწვდის ნავთობს მსოფლიო ბაზრებს.
ამის შესახებ მან თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის რიგგარეშე სამიტზე გამოსვლისას თქვა, რომელიც დღეს ანკარაში იმართება.
მისი თქმით, „დღემდე თურქეთმა თურქულ სახელმწიფოებთან ერთად, კასპიის აუზში წარმატებით განახორციელა მასშტაბური პროექტები ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის სფეროში”.
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი უკვე 16 წელია, მსოფლიო ბაზრებზე აწვდის ნავთობს აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან. “სამხრეთ გაზის” დერეფნის წყალობით, რომლის მთავარი ელემენტია TANAP-ი, თურქული სახელმწიფოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.