საპარლამენტთაშორისო კავშირის 146-ე ასამბლეაში გიორგი ვოლსკიმ და ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღეს
გიორგი ვოლსკიმ და ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა.
პარლამენტის ინფორმაციით, რიგით 146-ე ღონისძიება 11-15 მარტს, ქ. მანამაში, ბაჰრეინში გაიმართა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქმიან შეხვედრებზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილეს ყურადღება: შვედ კოლეგებთან მათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რეკომენდაციების შესრულების პროცესი და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხები განიხილეს.
„შეხვედრები, ასევე გავმართეთ დიდი ბრიტანეთის და კანადის პარლამენტების წევრებთან, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის, ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ნატო-ს უფრო მეტ ჩართულობას საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში. ვისაუბრეთ ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის წევრებმა ტაილანდის, ინდონეზიის, ლაოსის და ფილიპინების დელეგაციებთან შეხვედრებისას, ყურადღება გაამახვილეს არაღიარების პოლიტიკაზე და იმ უკანონო ნაბიჯებზე, რომელსაც რუსეთი დგამს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირების მიმართულებით. ასევე, ისაუბრეს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.