მამუკა მდინარაძე: თვალთმაქცური პიარკამპანიები დარჩება წარსულს – ამ ქვეყნის კურსი ევროპული მომავალია
“ამ დღეების განმავლობაში აქციაზე იდგნენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ რაღაცების, მათ შორის, ახალგაზრდები, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ისეთი, რომელიც ამის დაორგანიზებას ახდენდა. ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის კურსი ევროპულია და ოპოზიციის თვალთმაქცური პიარკამპანიები წარსულში დარჩება.
„რაც მთავარია, თუ მათ დაალაგეს საუკუნის აფიორა, რომელშიც ჩართული იყვნენ მათი დატრენინგებული ჯგუფები, მაგრამ გაცილებით მეტი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ აპროტესტებდა იმას, რომ შეიძლება, რაღაც რისკი შექმნოდა ქვეყნის კურსს. ამ ქვეყნის კურსი მითითებულია კონსტიტუციაში და ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იმ აფიორაში ჩაჰყვება „ნაცმოძრაობას“, ვისი ორგანიზებითაც ხდება ეს ყველაფერი. ამ ქვეყნის კურსი არის ევროპული მომავალი. ეს წერია კონსტიტუციაში, ჩვენ მიერ არის შეტანილი და ამის გადახვევას არათუ ვინმე აპირებს, ამის წინააღმდეგ მებრძოლის გამოაშკარავება იქნება ყოველთვის. მათი თვალთმაქცური პიარკამპანიები და საუკუნის აფიორები, საბოლოოდ, დარჩება წარსულს. ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.