პრემიერი: მერკელს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტზე კომენტარი გააკეთა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მერკელი ჩვენს ქვეყანას სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე ეწვევა.
“გასულ კვირას საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, მქონდა საუბარი გერმანიის კანცლერთან, ძალიან პროდუქტიული, ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. მე მას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენ მიმოვიხილეთ მოახლოებული ნატო-ს სამიტი. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ჩვენ ველოდებით გერმანიის კანცლერს საქართველოში. სავარაუდოდ ვიზიტი შედგება მომავალი წლის გაზაფხულზე. დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ კვირას ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა როგორც გერმანიის კანცლერთან, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტთან და მათ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენთან ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მინდა, მადლიერება გამოვხატო პირადად ბატონი ბაიდენის მისამართით. მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ და მიღწევები, რომელიც შევძელით მოკელ დროში. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვართ საიმედო დასაყრდენი ამერიკისთის ამ რეგიონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.