კულტურის სამინისტრო ნინო ბურდულს იუბილეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობს, ნინო ბურდულს, იუბილეს ულოცავს.
„მსახიობი ნინო ბურდული დაიბადა ქალაქ თბილისში 1958 წელს. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს განხრით (1976 წ.) და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1982 წ., ლილი იოსელიანის სახელოსნო).
ნინო ბურდული მონაწილეობდა კინომსახიობთა თეატრის ცნობილ სპექტაკლებში, თამაშობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, „თავისუფალი თეატრის“, „თეატრალური სარდაფის“, „სამეფო უბნის თეატრისა“ და თეატრ „ვერიკოს“ სცენებზე.
მან როგორც თავისი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე, ასევე ბოლო დროს უაღრესად საინტერესო სახეები შექმნა სპექტაკლებში: „რომეო და ჯულიეტა“, „ჩვენი პატარა ქალაქი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“, „ღალატი“, „მამა“, „სუფთა სახლი“, „ტარტიუფი“, „მსახურთა შემოდგომა“, „მოჩვენებები“, „ფედრა ცეცხლის ალში“ და სხვა.
მსახიობი კინოეკრანზე პირველად გამოჩნდა ფილმში „იყო და არა იყო რა“ (ნ. ომიაძე, 1976). ასევე მონაწილეობს ფილმებში: „მწირნი“ (დარეჯან ბატონიშვილი; რეჟისორი თ. დულარიძე, 1982), „3-1“ (დედა; რეჟისორი მ. ანთიძე, 1983), „სკაპენის ოინები“ (გიაცინტა; რეჟისორები გ. კალატოზიშვილი, მ. კალატოზიშვილი, 1984), „სანამ წვიმა გადივლიდეს“ (ნონა; რეჟისორი ქ. დოლიძე, 1984), „მეჯლისი გაყიდულ სახლში“ (ნინო; რეჟისორი მ. ანთაძე, 1985), „სიკეთის ტელეფონი“ (რობოტი; რეჟისორი ა. ჭიაურელი, 1986), „სამი სახლი“ (ელენე; რეჟისორი ზ. ურუშაძე, 2008) და სხვა.
2003-2005 წლებში ნინო ბურდულმა ერთ-ერთი მთავარი როლი განასახიერა ტელესერიალში „ყავა და ლუდი“.
მსახიობმა ტელევიზიაში განახორციელა რამდენიმე საავტორო პროექტი. იყო რამდენიმე პოპულარული ტოქშოუს წამყვანი.
2006 წლის მიწურულს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგა ბორის აკუნინის „ვთამაშობთ „თოლიას““. ის დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ნინო ბურდულს იუბილეს, უსურვებს მას დღეგრძელობასა და წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.