მამუკა სალუქვაძე: ქვეყნის სივრცის დაგეგმარების დოკუმენტი მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია

2022 წლის 12 დეკემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასტერ-პლანის, გენგეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. პრემიერის სიტყვებით, საუბარია მთელი ქვეყნის დაგეგმარების აუცილებლობაზე, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყნის ქაოსური, უსისტემო განვითარება.
უამრავი მიმდინარე მწვავე საკითხის ფონზე, ეს თემა თითქოს გაქრა მასმედიის რადარებიდან. „კვირა“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის სწორად და სისტემურად განვითარებისათვის. აღნიშნულ თემატიკაზე საუბარი ვთხოვეთ თბილისის გენერალური გეგმის ავტორს, კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორს, არქიტექტურის დოქტორს, მამუკა სალუქვაძეს.

-ბატონო მამუკა, ბუნებრივია, ყურადღებას მიაქცევდით პრემიერის განცხადებას, რომელმაც ქვეყნის დაგეგმარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მართლაც, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტის არსებობა და მისი ფუნქციონირება?

– ის, რომ ქვეყანას დღემდე არ აქვს შემუშავებული სივრცის დაგეგმარების დოკუმენტი, სავალალოა. კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია, რომ ქვეყანას ათწლეულებია, არ აქვს დადგენილი სივრცითი მოწყობის პრინციპები ქვეყნის მთელი ტერიტორიისთვის. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ამ სტრატეგიული დოკუმენტის გარეშე ვერ ხდება ქვეყნის ტერიტორიის დაბალანსებული გამოყენება და ცალკეული ტერიტორიების პოტენციალის გამოვლენა და რეალიზება. ქვეყნის მასშტაბით, უამრავ ქალაქსა და დასახლებაში შეიმჩნევა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონა, ეკონომიკური ფუნქციების დაკარგვა და ახლის ვერმონახვა, მთელ რიგ ადგილებში, სახეზეა გარემოს ეკოლოგიური დაზიანება წარმოების, ტურიზმის ან სხვა მიზეზებით. ირიბად, მოსახლეობის დაკარგვაც, მიმდინარე ემიგრაციული პროცესებიც და ა.შ. ისეთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული დოკუმენტის არქონითაა განპირობებული – როგორიცაა ქვეყნის სივრცის დაგეგმარების გეგმა. სხვათა შორის, ჩვენი მოქალაქეების მუდმივი წუხილიც დედაქალაქის ჰიპერტროფიული განვითარების გამო (ე.წ. თბილისური „თავკომბალა“) მათ შორის ზემოხსენებულის შედეგიცაა.

ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ის მართებული განცხადება, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან მთელი ქვეყნის განვითარების გეგმის შემუშავების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რეალურად განხორციელდეს ცხოვრებაში. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობები უკვე მიმდინარეობს, რაც უსათუოდ მისასალმებელი და მხარდასაჭერია. ახლა მთავარია, პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდეს და ბოლომდე იქნას მიყვანილი.

-მოკლედ რომ გვითხრათ, რას წარმოადგენს და რა მიზანს ემსახურება ასეთი მასშტაბური და სტრატეგიული გეგმა?

-სივრცითი დაგეგმარება ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტია ქვეყნის მდგრადი სოციალური, ტერიტორიული და ეკონომიკური განვითარებისათვის გრძელვადიან პერიოდში. მარტივად რომ ვთქვათ, მისი ძირითადი მიზანია ხელშეწყობა ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების ინტეგრაციისა, როგორებიცაა: საცხოვრისი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და მრეწველობა. ამავე დროს, სივრცითი დაგეგმარება ასრულებს ქვეყნის, რეგიონის, მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა და სოფლების განვითარებისა და რეგულირების ფუნქციას, მათ შორის, გარემოსდაცვითი მოსაზრებების გათვალისწინებით. ეს მით უფრო აქტუალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ სახიფათო სეისმური აქტივობების და კლიმატის ცვლილების გლობალური პროცესის ფონზე, რომელიც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები