არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციას: საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ.მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა
„საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ. მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა”, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ოპოზიციისთვის დამახასიათებელია ორმაგი სტანდარტებით მოქმედება.
„საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ ორმაგი სტანდარტებით მუშაობთ. თქვენ ითხოვთ ერთი პატიმრის გათავისუფლებას, მაგრამ ათი ათასი დანარჩენი ადამიანი არაფრად არ მიგაჩნიათ იმიტომ, რომ მათი სახელი და გვარი არ ემთხვევა თქვენი უფროსის სახელსა და გვარს. როდესაც თქვენი თანამებრძოლი რუსეთიდან იღებს ხელფასს, არაფრად არ მიგაჩნიათ, მაგრამ, სამაგიეროდ, პრორუსულობაში ადანაშაულებთ ნებისმიერ ოპონენტს და ნებისმიერ საკითხს, რომელიც თქვენ არ მოგწონთ. დეზინფორმაცია, როდესაც თქვენს წინააღმდეგ არის, მიუღებელია, მაგრამ თქვენს მიერ კონტროლირებული არხები, რომ მთელი დღე დეზინფორმაციით არიან დაკავებული, ეს მისაღებია”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ევროპული პერსპექტივა ახლა ყველაზე ნათლად დგას.
„სხვას ადანაშაულებთ, რომ ევროინტეგრაციას უშლიან ხელს, მაგრამ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ბრიუსელში დადიოდით და არწმუნებდით ევროპელებს, რომ საქართველოსთვის არ უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი. თქვენ უმტკიცებდით ხალხს, რომ თითქოს ხელისუფლება არის პრორუსული ძალა, სინამდვილეში, ამ პერიოდში საქართველოში დაბრუნდა რეალური ევროპული პერსპექტივა. თქვენ უმტკიცებდით, რომ ყველაფერი უკან მიდის, მაგრამ საქართველოში დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა და შემცირდა საჩივრები ევროსასამართლოში. თქვენ უმტკიცებდით რომ ცუდად ვმართავთ ქვეყანას, მაგრამ დაბრუნდა ჯანდაცვა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და სხვა საჯარო სიკეთეები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.