თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა “დონ კარლოსი” გაიმართება
10, 11 და 12 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა „დონ კარლოსის“ სპექტაკლები გაიმართება. ინფორმაციას თბილისის ოპერისა დაბალეტის თეატრი ავრცელებს.
“თბილისელმა მაყურებელმა „დონ კარლოსი“ პირველად 1869 წლის 24 იანვარს, „ქარვასლის“ თეატრი სცენაზე იხილა, მსოფლიო პრემიერიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ.
ჯუზეპე ვერდიმ „დონ კარლოსი“ პარიზის „გრანდ ოპერას“ დაკვეთით ფრიდრიხ შილერის დრამატული პოემის „დონ კარლოსი: ესპანეთის უფლისწულის“ მიხედვით შექმნა. ოპერის პრემიერა პარიზში, 1867 წლის 11 მარტს, Salle Le Peletie-ში შედგა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „დონ კარლოსი“ ბოლოს 2004 წელს შესრულდა (რეჟისორი გურამ მელივა). 2019 წელს, 15 წლიანი პაუზის შემდეგ ვერდის „დონ კარლოსი“ დაუბრუნდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, ამჯერად პარმის თეატრო რეჯო-ს დადგმით.
სპექაკლის დამდგმელი რეჟისორია ჩეზარე ლიევი, დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი მაურიციო ბალო. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, ისე მოწვეული მომღერლები და დირიჟორები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.