იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განსაზღვრავს უცხოური ძალის აგენტის ცნებას და აწესრიგებს შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
წარდგენილი პროექტით, უცხოური ძალის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ ეზღუდებათ ჩვეული საქმიანობა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პროექტში გაწერილია, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული შესაბამისი სუბიექტის მიერ უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენ განცხადებაში, თუმცა, გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაზღვროს განცხადებაში შესატანი სხვა ინფორმაციისა და წარსადგენი სხვა დოკუმენტების ნუსხაც.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები:
- უცხოური გავლენის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;
- სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხი;
- უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფისა და აღნიშნული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხები;
- უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
- უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
ამასთანავე, კანონპროექტით, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ ეზღუდებათ ჩვეული საქმიანობის განხორციელება.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი, პირველი პროექტისგან განსხვავებით, არ ეხება ფიზიკურ პირებს.
„ასევე, ეს კანონპროექტი არ ეხება ყველა იურიდიულ პირს, ეხება მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ააიპ-ებს) და იმედია საშუალებებს, ვისი დაფინანსებაც არის უცხოური ძალისგან, ისიც 20%-ზე მეტი. აგრეთვე, განსხვავებით პირველი კანონპროექტისგან, რომლის მიხედვითაც რეესტრისთვის დოკუმენტების დიდი ნუსხაა წარსადგენი და ამავდროულად, გენერალურ პროკურორს უფლება აქვს დასარეგისტრირებელ სუბიექტს დამატებითი ნუსხა მოსთხოვოს, ამ პროექტით მხოლოდ სამი კრიტერიუმი უნდა შეიყვანოს შესაბამის ფორმატში სუბიექტმა: საიდან ფინანსდება, მიზნობრიობა, საქმიანობა და წელიწადში ერთხელ ფინანსური ანგარიშგება. ჩვენ ამ კანონპროექტით არ ვამბობთ, რომ რაღაც საქმიანობა ცუდია და რაღაც საქმიანობა კარგი. საზოგადოებამ ნახოს ყველა არასამთავრობო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობა – საიდან ფინანსდება და მან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი არასამთავრობო სექტორი იყოს კარგი და რომელი ცუდი. ამ კანონპროექტების პროდუქტი არის ინფორმირებული მოქალაქე“, – აღნიშნა მომხსენებელმა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე კანონპროექტს.