„აკრძალული ხელოვნება“ – ეროვნულ გალერეაში კარლო გრიგოლიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, ფონდ „ათინათის“ წარდგენით,  მოქანდაკე კარლო გრიგოლიას ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას – „აკრძალული ხელოვნება“ მასპინძლობს, რომელიც მხატვრის 60-წლიან (XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ახალი მილენიუმის პირველი წლების ჩათვლით) აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ასახავს.
გამოფენის გახსნის მოსამზადებელ პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ექსპოზიცია ხელოვანისათვის ამ მასშტაბის პირველი პერსონალური გამოფენა იქნება. ის აერთიანებს მოქანდაკის აბსტრაქტულ და ფიგურატიულ კომპოზიციებს, საპარკო ქანდაკებებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს.
„კარლო გრიგოლია პირველი ქართველია, რომელმაც თანამედროვე ხედვის ტრანსფორმაცია ქანდაკების უძველესი კანონიკის დაბრუნებით შეძლო.
ამავდროულად, ქართული მოდერნისტული აბსტრაქტული კლასიკა კარლო გრიგოლიას შემოქმედების წყალობით იმკვიდრებს თავს ქართული ხელოვნების ისტორიაში. მან შექმნა უნიკალური თანამედროვე აბსტრაქტული ქანდაკება, რომელიც ფორმის მისეულ ხედვას ეგვიპტური და ბერძნული ქანდაკების პრინციპებთან აერთიანებს. მონუმენტურობა, ენერგია, ხაზი, ფორმის ჰარმონია და მოძრაობა ანიჭებს კარლო გრიგოლიას შემოქმედებას უდიდეს მნიშვნელობას.
კარლო გრიგოლიას შემოქმედება 60 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, იგნორირებული იყო. მისი ნამუშევრები XX საუკუნის იმ პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც პერიოდულად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური თუ იდეოლოგიური ზეწოლა არტისტებზე, მაგრამ კარლო გრიგოლიას არასდროს უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის და თავის შემოქმედებას სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა. კარლო გრიგოლია ნონკონფორმისტ მოქანდაკედ მიიჩნევა. მისი შემოქმედება არ ესადაგებოდა სოციალისტური რეალიზმის საბჭოურ დოქტრინას. მართალია, მხატვარი არასდროს ყოფილა აშკარა დისიდენტი, მაგრამ მისი შექმნილი პლასტიკა შორს იყო იდეოლოგიზებული მონუმენტური ხელოვნებისგან. აბსტრაქტული, სამგანზომილებიანი კომპოზიციები, რომლებსაც მოქანდაკე „პლასტიკურ ფორმებს“ უწოდებდა, და მეზოამერიკული თუ აფრიკული ქანდაკებით შთაგონებული პორტრეტები სრულიად უცხო იყო საბჭოთა ხელოვნებისთვის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში, კარლო გრიგოლია ვაშინგტონის თანამედროვე ქანდაკების საერთაშორისო ცენტრის წევრი გახდა და, ამასთანავე, საქართველოს ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციას ჩაუდგა სათავეში“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კარლო გრიგოლიას გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 4 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები