„მოწევის წესთან დაკავშირებით კანონის აღსრულების დონე საკმაოდ მაღალია“ – „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორი
„თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორის, გიორგი მაღრაძის განცხადებით, მოწევის წესთან დაკავშირებით კანონის აღსრულების დონე საკმაოდ მაღალია. მისი ინფორმაციით, დაწესებულებების დაახლოებით 90 %-ზე მეტი კანონს იცავს. ამის შესახებ მაღრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგი სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მიმართულება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში მოწევის ფაქტების დაფიქსირებაა, მეორეა ის, თუ როგორაა დარეგულირებული თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობის საკითხები. მოწევასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მოწმდება ისეთი დაწესებულებები, როგორებიცაა კაფე-ბარები და რესტორნები, სასტუმროები, საჯარო, საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულებები, ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცე, სადაც თამბაქოს მოხმარება შეზღუდულია. თამბაქოს პროდუქტში მოიაზრება როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი, ასევე ელექტრონული მოწყობილობები, „ვეიპეპი“, აიქოსი, ჩილიმი და ნებისმიერი ის საშუალება, რომელიც გარკვეულ თამბაქოს პროდუქტებს შეიცავს, კვამლს, ან ორთქლს წარმოქმნის. მინდა, გითხრათ, რომ მონიტორინგის ფარგლებში ვაკვირდებით, არა მხოლოდ ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარების კუთხით რა ხდება, არამედ ელექტრონული სიგარეტის კუთხითაც. საკმაოდ მაღალია კანონის აღსრულების დონე – დაახლოებით, 90 %-ზე მეტი დაწესებულებებისა იცავს. დაწესებულების ტიპების მიხედვით შეიძლება, ვითარება განსხვავებული იყოს, მაგალითად, სასწავლო დაწესებულებებში კანონის დაცვა 98 %-ია, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სამედიცინოში 75 %-ის ფარგლებშია, აქვთ გარკვეული სივრცეები, სადაც ეწევიან და კანონს არღვევენ.
ბოლო პერიოდში რაც გარკვეულად განგაშის ზარების შემოკვრის მიზეზს გვაძლევს არის ის, რომ ელექტრონული სიგარეტების მოწყობილობების, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება გაჩნდა. ისეთი დამოკიდებულება იგრძნობა, თითქოს, ეს პროდუქტი კანონის მოქმედების ქვეშ არაა. თითქოს, მისი მოხმარება დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაშვებულია, თითქოს, ის გარშემომყოფებისთვის უვნებელია. ამას, ერთი მხრივ, ხელს თავად თამბაქოს ინდუსტრიის მიზანმიმართული პიარი და საინფორმაციო მუშაობა უწყობს. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ, თითქოს, ასეთი პროდუქტები ჩვეულებრივ სიგარეტზე თავის დანებების საშუალებაა, თითქოს ნაკლებად უსაფრთხოა. როგორც ჩანს, დაწესებულებების ადმინისტრაციებშიც და მოსახლეობაშიც ის დამოკიდებულება, რომ თითქოს ასეთი პროდუქტების მოხმარება შეიძლება, სწორედ ამ კამპანიამ განაპირობა. ბოლო პერიოდში მონიტორინგის შედეგად ასეთი პროდუქტების მოხმარების რამდენიმე შემთხვევა კაფე-ბარებში, რესტორნებში, თუ სხვა დაწესებულებებში გამოვავლინეთ, რაზეც რეაგირება მოხდა. რაც შეეხება ჯარიმებს: დაწესებულება ჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით, მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ერთი წლის განმავლობაში 2 000 ლარით. ხოლო პირს რაც შეეხება – ის შესაბამისად 100, 200 და 300 ლარით ჯარიმდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – აქ მთავარი დამოკიდებულების საკითხია.
ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ფაქტები რამდენჯერმე სკოლებშიც კი დავაფიქსირეთ, რაც ძალიან საგანგაშოა“, – განაცხადა მაღრაძემ.
მან სავაჭრო ადგილებში გამოვლენილ დარღვევებზეც ისაუბრა.
„ბოლო 2 თვის მონაცემები რაც გავაანალიზეთ: თამბაქოს ახალი პროდუქტები, რომელიც ელექტრონულ სიგარეტს, გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებს მოიცავს, თითქმის ყველა მარკეტშია წარმოდგენილი, რომელიც პროდუქტებით ვაჭრობს. ასევე, ხშირად წარმოდგენილია ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი სიგარეტი არც კი იყიდება, მაგალითად, სამშენებლო მასალების მაღაზიების შესასვლელებში, მოლების ფოიეებში. დაახლოებით, 80-85 %-ში ეს პროდუქტები განთავსებულია ღიად, ხილულად, რაც აკრძალულია, მოთავსებულია ტკბილეულთან, საღეჭ რეზინებსა და სხვა პროდუქტებთან ერთად, რაც კანონით დაუშვებელია. მოგეხსენებათ, თამბაქოს პროდუქტები დახურულ დახლში უნდა იყოს, მაღაზიებში რომ ვაკვირდებით ვითარებას: ჩვეულებრივი სიგარეტები კარგად დახურულ დახლებშია, მაგრამ ელექტრონული სიგარეტები ხშირად ხილულადაა განთავსებული“, – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.
თამუნა შეყილაძე