სარფში ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის მ.უ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილია არადეკლარირებული 6 კილოგრამი ვერცხლის ზოდები, ასევე ოქროს მონეტები/ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 6 261 გრამი), ცეცხლსასროლი იარაღი 2 ცალი მჭიდით და 113 ცალი ვაზნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტომობილის საბარგულში მალულად ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 090 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.