საგარეო საქმეთა სამინისტრო საპატიო კონსულებს პასუხობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საპატიო კონსულების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძღვანელო” წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია საქართველოში დიპლომატიური მისიით მყოფი პირის საქმიანობასთან დაკავშირებული საპროტოკოლო წესები და რეგულაციები.
“ჩვენს მიერ შედგენილი დოკუმენტი სრულად არის დაფუძნებული ვენის 1961 და 1963 წლის კონვენციებზე. შესაბამისად, “დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძრვანელოთი” საპატიო კონსულებს ენიჭებათ ზუსტად ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რაც მათ საკონსულო ურთიერთობათა შესახებ 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციით ეკუთვნით”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, აღსანიშნავია, რომ საპატიო კონსულები აქამდე სარგებლობდნენ იმავე პრივილეგიებით, როგორც კარიერული დიპლომატები, ეს კი სცილდებოდა საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის მესამე თავის ჩარჩოებს, რომლებიც კონკრეტულად საპატიო კონსულებს ეძღვნება. შედეგად, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში ირღვეოდა საქართველოს კანონმდებლობა.
“გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი დოკუმენტი არ ზღუდავს საპატიო კონსულის სტატუსის მქონე პირის უფლებებს საქართველოში და პირიქით, ხელს უწყობს მათ კომპეტენციის ფარგლებში მინიჭებული საქმიანობის განხორციელებაში, აწესრიგებს რა სწორედ მათ უფლებებთან დაკავშირებულ, მთელ რიგ ტექნიკური ხასიათის საკითხებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, მოჰყავს რა აღნიშნული საკითხები საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და ადგილობრივ კანონდებლობასთან შესაბამისობაში, მიიჩნევს, რომ საქართველოში მოღვაწე საპატიო კონსულებს შეექმნებათ ყველანაირი პირობა საკუთარი საქმიანობა წარმართონ საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების თანახმად და ამ გზით ხელი შეუწყონ მსოფლო თანამეგობრობის ცალკეულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.