საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევროკავშირისა და გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისის კონტრაქტორ ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა

პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საპროექტო მომსახურების ოფისის კონტრაქტორ ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა.

ექსპერტთა ჯგუფის წევრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსს დავით სუხიშვილს შეხვდნენ და სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნოლოგიური განვითარებისა და ინციდენტების მართვის სისტემის მიმართულებით შესაძლებლობების შეფასების მიზნით, სტუმრები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის შესაძლებლობებს გაეცნენ, მოინახულეს სპეციალური სასწავლო ცენტრი და სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.

ვიზიტის ბოლოს ექსპერტთა ჯგუფმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს როინ ვარშანიძეს ვიზიტის ფარგლებში მომზადებული ანგარიში წარუდგინეს.

პროექტი – „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ევროკავშირის პროგრამის – „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში“ (EU-SAFE) პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, 2023 წელს დაგეგმილია სამსახურის თანამშრომლების მომზადება და გადამზადება სხვადასხვა მიმართულებებით. აღნიშნული აქტივობების განსახორციელებლად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საპროექტო მომსახურების ოფისთან (UNOPS) აქტიურად თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები