GPS ტრეკერი -112-ის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის სერვისი ტურისტების უსაფრთხოებისთვის
112 და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტებს სატელიტურ აღჭურვილობას(ე.წ. GPSტრეკერი) სთავაზობს, რომელიც განკუთვნილია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მიმავალი ტურისტებისათვის.
GPS ტრეკერის ფუნქციებსა და დანიშნულებაზე კაჭრეთში გამართული მედიატურის ფარგლებში 112-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო გელაშვილმა დეტალურად ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.როგორც მან განმარტა, სერვისი უზრუნველყოფს ტურისტების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრას სატელიტური სისტემის მეშვეობით და განგაშის სიგნალის გადაცემას 112-სთვის.
ასევე შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებების მიმოცვლა112-ის ოპერატორთან, ნებისმიერ მობილურ ნომერთან, ელექტრონულ ფოსტასთან ან სხვა GPS მოწყობილობასთან. მსოფლიოს მასშტაბით GPS ტრეკერით შესაძლებელია მარშრუტის დაგეგმვა, მისი საშუალებით შესაძლებელია სოციალურ ქსელებთან (Facebook,Twitter,Mapshare)ინტეგრაცია, აქვს ციფრული კომპასის ფუნქცია.GPS ტრეკერით სარგებლობა უფასოა.
“მოგეხსენებათ ხშირი იყო ტურისტების უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტები, შესაბამისად, მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიქმნა აღნიშნული სერვისი. ტრეკერი არის მობილური აპარატის ტიპის მოწყობილობა, მასზე განთავსებული SOS ღილაკზე ხელის დაჭერით შესაძლებელია 112-ში სიგნალის გაგზავნა, ტრეკერის მეშვეობით ტურისტს შეუძლია 112-თან დაკავშირება იმ ტერიტორიიდანაც, სადაც მობილური ოპერატორების დაფარვის ზონა არ ვრცელდება. ტრეკერი უზრუნველყოფს, როგორც ტურისტის უსაფრთხოებას, ასევე 112-ის მხრიდან ოპერატიული რეაგირების მოხდენას და ზუსტად გავიგებთ თუ რა კორდინატებზე უნდა გავიდეს ბრიგადა. GPS ტრეკერის ქირაობა იქნება უფასო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ GPS ტრეკერს აქვს მრავალი ფუნქცია, თუ ტურისტს ექნება სურვილი, რომ ეს დანარჩენი ფუნქციები გამოიყენოს, ამ შემთხვევაში მას მოუწევს გადასახადის გადახდა“, – აღნიშნა ნინო გელაშვილმა.
მისივე ინფრომაციით, GPS ტრეკერები განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრებში.