„ყველა სასკოლო ზონასთან გადაადგილების სიჩქარე 30 კმ/სთ უნდა იყოს“ – ირაკლი იზორია

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, ყველა სასკოლო ზონასთან გადაადგილების სიჩქარე 30 კმ/სთ უნდა იყოს.

როგორც იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასკოლო ზონა არის ადგილი, სადაც ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს.

მინდა, ყურადღება სასკოლო ზონებზე გავამახვილო. ჩვენი ფონდი დაახლოებით 2 წელია, რაც სასკოლო ზონების მიმართულებით მუშაობს. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. ვფიქრობთ და გვინდა, როგორც ევროპაშია, თბილისშიც ისე იყოს. ყველა სასკოლო ზონა 30 კმ/სთ-იანი იყოს, რათა ჩვენი ბავშვები დაცულები იყვნენ და სიჩქარის ლიმიტები შემცირებული იყოს. აუდიტის სამსახურთან ერთად გარკვეულ სკოლებთან სიჩქარის რადარით შეფასება ჩავატარეთ, ვნახეთ, რომ 30 კმ/სთ კი არა, ხშირ შემთხვევაში სკოლებთან, ცენტრალურ ქუჩებზე 60-70 -80 კმ/სთ-იც არის დაფიქსირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს რეგულაცია მივიღოთ. ზუსტად მოთხოვნაც ის იყო, რომ სასკოლო ზონებთან 30 კმ/სთ იყოს, არ მოგვითხოვია ის, რომ 30 ქალაქის მასშტაბით ყოფილიყო.
დავასრულეთ ახალი გაიდლაინების თარგმნა – ეს არის დიზაინი ბავშვებისთვის. ეს არის არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სკოლასთან ქუჩა, არამედ ზოგადად სკვერებთან, დასახლებულ პუნქტებში, ბავშვებს უფრო მეტი სივრცე რომ ჰქონდეთ. საერთაშორისო კვლევებით, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ კვლევებით დასტურდება ის, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან უსაფრთხო და მწვანე გარემო სჭირდებათ, რაც მათ განვითარებას უწყობს ხელს როგორც ფიზიოლოგიურად, ისე – ფსიქოლოგიურად“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები