ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის წევრების მიერ გამართული საერთაშორისო ვიზიტების მნიშვნელობა შეაფასა

პარლამენტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს მთავრობის წევრების საერთაშორისო აქტივობებსა და ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პოლიტიკური ოპონენტების იმ განცხადებებს უპასუხა, რომელთა თქმით „საქართველოს საკითხი დღის წესრიგში და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში არ დგას”.

„საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, სადაც მან უმაღლესი დონის შეხვედრები ჩაატარა და შეხვდა როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, ასევე, ბატონ ბორელს. საუბრის მთავარი თემა იყო ის პროგრესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით, რომელმაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან უნდა მიიყვანოს. ამ შეხვედრებს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოყვა ქალბატონი ფონ დელ ლაინერის და ბატონი ბორელის მხრიდან, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ოსტინს, სადაც მკაფიოდ იქნა გაჟღერებული, რომ დღეს თანამშრომლობა ჩვენს შეიარაღებულ და თავდაცვის ძალებს შორის უმაღლეს დონეზეა და საქართველო და ამერიკა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას განაგრძობენ. ამის პოზიტიური სიგნალი გახდა კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 30 მილიონი დოლარით იზრდება საქართველოს დახმარება, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იქნება მიმართული”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე შეფასებით, პრემიერმინისტრს მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, სადაც მან ისაუბრა იმ არსებით გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოში და ჩვენ კონტინენტზე არსებობს და უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ლიდერებთან ერთად იყო საუბარი თუ როგორი იქნება ევროპა, მას შემდეგ რაც ეს ომი დასრულდება. ირაკლი ჩიქოვანი იმ სპეკულაციებსაც გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონკრეტულ შეკითხვას მოყვა. „სააკაშვილის საკითხთან მიმართებით პრემიერმინისტრმა ძალიან ცხადად მიანიშნა, რომ სამართლიანობას და სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები