ხაბეიშვილის თქმით, “ნაცმოძრაობა” თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის. შესაბამისი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ნაცმოძრაობა“ დედაქალაქში ძლიერი იყოს, მათ შორის, სტრუქტურული თვალსაზრისით.
„იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქს მკვლელი, კორუმპირებული, ფულზე დახარბებული რუსეთუმე მერი ჰყავს, რომლის განცხადებები იდენტურია სალავიოვის, სიმონიანის და ზახაროვას განცხადებების; იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, დაწყებული სატრანსპორტო კოლაფსით, გაგრძელებული ურბანული, ეკონომიკური კატასტროფით; იმ პირობებში, როდესაც კალაძე გადასულია ფულის შოვნაზე და არ ერიდება რუსულ, მოღალატეობრივ განცხადებებს, მნიშვნელოვანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის სტრუქტურულად. ამიტომ, დღეს დედაქალაქში ბროსეს ქუჩა #6-ში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ვხსნით, რომელიც პარალელურად ენმ-ის თბილისის ცენტრალური ოფისი იქნება. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც დედაქალაქში ასი ათასობით არიან, მოვუწოდებ – მობრძანდით ჩვენთან, ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვების. ამასობაში, იმისთვის, რომ თბილისში პარტია ძლიერი იყოს, სამუშაო ჯგუფი შევქმენით, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. მისი ამოცანა იქნება თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია, სტრუქტურულად გამართვა, რათა პარტია ძლიერი იყოს ისე, როგორც არასდროს. ამის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდება კონკრეტული აპლიკაცია, რისი მეშვეობითაც თითოეულ თქვენგანს შეეძლება რეგისტრაციის გავლა. ყველას, ვინც თბილისში ცხოვრობთ და არ გინდათ რუსეთში ცხოვრება, გინდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი; ყველას, ვისაც გინდათ, მონაწილეობა მიიღოთ დერუსეთიზაციაში, დებიძინიზაციასა და დეოლიგარქიზაციაში, გელოდებით ბროსეს ქუჩაზე“,- თქვა ხაბეიშვილმა.