გიორგი ვოლსკი: საქართველოში ნებისმიერი ორგანიზაციის მოღვაწეობა უნდა იყოს გამჭვირვალე
“არა მარტო ქართველმა, არამედ ამერიკელმა, ევროპელმა, სამხრეთელმა თუ ჩრდილოელმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის, საქართველოში მოღვაწეობა უნდა იყოს გამჭვირვალე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას “ქრონიკაში” განაცხადა.
“შემოთავაზებული კანონპროექტი რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას არ ითვალისწინებს და აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ ძლიერი, მომთხოვნი კანონებისგან, რომელიც აქვს გინდაც რუსეთს და გინდაც აშშ-ს. სულ რომ არ იყოს ამ კანონპროექტზე მსჯელობა, სენატორი იქნება თუ კონგრესმენი, ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი, ნებისმიერს დაუსვით შეკითხვა, არის თუ არა აუცილებელი, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რა თანხას ხარჯავს, რა მიზნითა და რა მიმართულებით ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების განვითარებას, მჭიდრო ურთიერთობაზე მაქვს საუბარი, მით უმეტეს, იმ სფეროში, რომელშიც საქართველოს, თუნდაც, საექსპერტო დახმარება და თანადგომა სჭირდება. დამერწმუნეთ, რომ პოზიტიურ პასუხს მიიღებთ, რასაკვირველია, არა მარტო ქართველმა, არამედ ამერიკელმა, ევროპელმა, სამხრეთელმა თუ ჩრდილოელმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის საქართველოში მოღვაწეობა უნდა იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა ვოლსკიმ.