კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა ერთობლივ საკომიტეტო სხდომაზე, დეპუტატებმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა.
„მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მომზადების მიზანს დღეს მოქმედი კანონის რედაქცია წარმოადგენს, რომლის თანახმადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი გრანტის სახით გასცეს დაფინანსება.
რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტს, ცვლილების მიხედვით, გრანტის გამცემ სუბიექტთა ჩამონათვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატიც დაემატება.
ერთობლივი საკითხის განხილვის შემდეგ, კულტურის კომიტეტის სხდომა გაგრძელდა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მან კოლეგებს საბჭოს შემადგენლობაში ირინა ბოკოვას, დავით ჩიკვილაძის, აკაკი ძნელაძის და გოგი ყაჯრიშვილის შეყვანის წინადადება გააცნო, რომელიც კომიტეტის წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.