„კურიერები, მძღოლები იმ მინიმალური სოციალური გარანტიებით ვერ სარგებლობენ, რომლებსაც შრომის კანონმდებლობა განსაზღვრავს“ – თამარ სურმავა
„შრომის ციფრულ პლატფორმაზე დასაქმებულები -კურიერები, მძღოლები იმ მინიმალური სოციალური გარანტიებით ვერ სარგებლობენ, რომლებსაც შრომის კანონმდებლობა განსაზღვრავს“, – ამის შესახებ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ სურმავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თამარ სურმავამ ციფრულ პლატფორმებზე დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მან განმარტა, რა სამართლებრივ მოცემულობაში მუშაობენ ციფრულ პლატფორმაზე დასაქმებულები – კურიერები და მძღოლები.
„დღეს იმ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რომლებიც პლატფორმული დასაქმების ორ სეგმენტშია: ესაა ტაქსის და მიტანა-მიწოდების სერვისი. პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ პლატფორმული დასაქმება როგორც მსოფლიოსთვის, ისევე საქართველოსთვის გარკვეულწილად სიახლეა, დიდი ისტორია არ აქვს. რა თქმა უნდა, ტაქსის მომსახურება თუ მიტანის სერვისი ახალი არ არის, თუმცა, სიახლეა ის, რომ ეს მომსახურება მობილური აპლიკაციის საშუალებით სრულდება. ასევე, საგულისხმოა ის, რომ დღევანდელ ბაზარზე პლატფორმული დასაქმების კონტექსტი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ეს ცვლილებები კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა და პლატფორმული დასაქმება მეტად აქტუალური გახადა. დღეს საქართველოს ბაზარზე არაერთი კომპანია ოპერირებს, რომელიც მომხმარებელს ტაქსის მომსახურებას, თუ მიტანის სერვისს მობილური აპლიკაციის მეშვეობით სთავაზობს. ამ პროცესში კომპანიები ფიზიკურ პირებს ქირაობენ, მათთან ხელშეკრულებებს აფორმებენ და ეს ადამიანები შემდეგ სამუშაოს ასრულებენ. ამ პირობებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება საკითხი, რომელიც პლატფორმულ დასაქმებაში ჩართული ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას შეეხება. საინფორმაციო საშუალებებით არაერთხელ მიგვიღია ინფორმაცია, რომ კურიერებმა, მძღოლებმა პროტესტი გამოხატეს და დღეის მდგომარეობითაც კურიერთა დიდი ნაწილი მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროტესტს გამოხატავს და, ბუნებრივია, „პროფკავშირების გაერთიანება“ ამ მოთხოვნების თუ პროტესტის მიმართ სრულად სოლიდარულია. პირველ ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან აღნიშნული პირები საქართველოში, რა სამართლებრივ მოცემულობაში უწევთ მუშაობა. ამ სექტორში მომუშავე ადამიანებთან კომპანიები ე.წ. მომსახურების ხელშეკრულებებს აფორმებენ, მათ დასაქმებულებს არ უწოდებენ, ეს ადამიანები ხელშეკრულებაში მოხსენიებულები არიან როგორც კონტრაქტორები, პარტნიორები, კურიერები, მძღოლები. როგორც წესი, თავად ხელშეკრულებაში პირდაპირ მითითებული და განმარტებულია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, კურიერები, მძღოლები იმ მინიმალური სოციალური გარანტიებით ვერ სარგებლობენ, რომელსაც შრომის კანონმდებლობა განსაზღვრავს. ეს საკითხებია: ანაზღაურებადი შვებულება, დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, რასაც ბიულეტენის პერიოდის ანაზღაურებას ვუწოდებთ, ჯეროვანი დაზღვევა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლებისგან თავდაცვა, კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება, „პროფკავშირის“ წევრობა, გაფიცვა თუ სხვა უფლებები“, – განაცხადა თამარ სურმავამ.
სურმავამ განმარტა, რა პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად ციფრულ პლატფორმებზე დასაქმებულები შრომით ურთიერთობებში.
„ეს საკითხები კიდევ უფრო ნათელი რომ გავხადოთ:
არაერთხელ გვსმენია ისეთი შემთხვევების შესახებ, როცა კონკრეტული კურიერი ავარიაში მოყვა, ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა შეექმნა, მაგალითად, კოვიდით ინფიცირება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმიანობას ვერ ახორციელებს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (ეს შეიძლება, კვირები იყოს) ეს ადამიანები ვერანაირ ანაზღაურებას ვერ იღებენ, მაშინ როდესაც შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულია დამსაქმებლის ვალდებულება – დასაქმებულს ე.წ. ბიულეტენის პერიოდი სრულად აუნაზღაუროს.
ასევე, პრობლემურია შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები, ამ სფეროში ჩართული ადამიანები, პრაქტიკულად, მომატებული რისკის ქვეშ არსებობენ, მათთვის ჯეროვანი დასვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიები დასაქმებულებს არ აძლევენ საშუალებას, ანაზღაურებადი შვებულებებით ისარგებლონ, მაშინ, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს ანაზღაურებადი შვებულებები ეკუთვნით. პრობლემურია დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. ეს ადამიანები მძიმე, სტრესულ, მომატებული საფრთხის პირობებში მუშაობენ, თუმცა, უმეტეს მათგანს დაზღვევა ან საერთოდ არ აქვს, ან ისეთი დაზღვევის პაკეტი აქვს, რომ, პრაქტიკულად, იმ მიზანს ვერ უზრუნველყოფს, რისთვისაც დაზღვევაა გაკეთებული. კანონმდებლობიდან გამომდინარე კი მძიმე, მავნე, საშიშ პირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული პირებისთვის პირდაპირ განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება – ადამიანები კონკრეტული დაზღვევით უზრუნველყოს. გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ ტარიფები ცალმხრივად შეცვალოს, რაც, თუ შრომის კანონმდებლობას გავითვალისწინებთ, პირდაპირ აკრძალულია. შრომის ანაზღაურების საკითხი მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს. კურიერები ვერ სარგებლობენ კოლექტიური მოლაპარაკების უფლებით, თუ დღევანდელ პროტესტებსაც გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა, კოლექტიური მოლაპარაკების წარმოებაა. კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი ხელშეკრულებების ცალმხრივად, უსაფუძვლოდ შეწყვეტის შესაძლებლობაა, რაც კომპანიას ხელშეკრულებაში გაწერილი აქვს. კანონმდებლობით, ჩამოთვლილი საფუძვლების გარეშე დასაქმებულებთან ხელშეკრულების შეწყვეტა აკრძალულია. თუ კურიერებს გავესაუბრებით, ვნახავთ, რომ არაერთი ადამიანია, რომელიც აპლიკაციიდან აბსოლუტურად უსაფუძვლოდაა დაბლოკილი. სამართლებრივ ენაზე ეს ხელშეკრულების შეწყვეტას ნიშნავს. კიდევ ერთი აქტუალური საკითხი ამ ადამიანების სამუშაო უსაფრთხოებაა, სამწუხაროდ, კომპანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. რაც შეეხება სამუშაო დროსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხს: როგორც წესი, პლატფორმულ დასაქმებაში ჩართული ადამიანებისთვის კურიერებისთვის, მძღოლებისთვის ამ სამუშაოდან მიღებული შემოსავალი მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. თუ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მუშაობენ, ანაზღაურება არ აქვთ. როგორც წესი, სხვა სამსახურებიც არ აქვთ, ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ საარსებოდ აუცილებელი ანაზღაურება გამოუვიდეთ, ეს ადამიანები იძულებულები არიან, კვირის განმავლობაში წარმოუდგენლად მაღალი სამუშაო საათებით იმუშაონ.
“შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ” პლატფორმულ დასაქმებაში მყოფ ადამიანებთან მიმართებაში კვლევა ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით, საერთაშორისო დონეზე, კვირის მანძილზე კურიერები საშუალოდ, 60 საათის განმავლობაში მუშაობენ, ხოლო ტაქსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 65-ს აჭარბებს. ასევე, გამოკითხულთა 70 %-ზე მეტი აცხადებს, რომ სამუშაო შესრულებისას განიცდიან გარკვეულ სტრესს, რომელიც გამოწვეულია დაბალი ანაზღაურებით, მოძრაობის გადატვირთულობით და ა.შ. როდესაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ სახეზე გვაქვს მომსახურების ხელშეკრულება, შრომითი, თუ საპარტნიორიო ურთიერთობა, ბუნებრივია, თუ ურთიერთობაში საპარტნიორი კონტექსტია, ანუ მომსახურების ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი კრიტეირუმებია , ეს ურთიერთობა შესაძლებელია, ასეთად იქნას მიჩნეული. მაგრამ, ამ დროს რა უნდა ხდებოდეს: კურიერს და კომპანიას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ ხელშეკრულების პირობები ერთობლივად შეათანხმონ, კურიერი კომპანიას სრულად არ უნდა ექვემდებარებოდეს, კომპანია, პრაქტიკულად, მის ყოველ ნაბიჯზე კონტროლს არ უნდა ახორციელებდეს. თუ ასეთი ტიპის ურთიერთობა იქნებოდა, მათ შორის რაიმე სახის მოთხოვნა ჩვენც არ გვექნებოდა, ამ სექტორში ის დიდი პროტესტიც არ იქნებოდა, რომელიც არსებობს.დასაქმების ამ სექტორში ჩართულ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, წარმოდგენილი ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი შეცვალოს, ისინი სრულად ექვემდებარებიან კომპანიას. წესებს, რეგულაციებს სრულად კომპანია აწესებს“, – განაცხადა სურმავამ.
თამუნა შეყილაძე