სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ღვაწლმოსილ და ვეტერან სპორტსმენებს მადლობის სიგელები გადასცა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მსოფლიო ჩემპიონს ზამთრის ცურვაში, ჰენრი კუპრაშვილს და საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის რექტორს, ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტულინის პრემიის მფლობელს, ჯემალ ძაგანიას, კომიტეტის სახელით, მადლობის სიგელები გადასცა.
პარლამენტის ინფორმაციით, სხდომაზე, დეპუტატებმა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, სამოქმედო გეგმის მომზადებაში კომიტეტის წევრებთან ერთად აქტიური მონაწილეობა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებმაც მიიღეს და წარმოდგენილ დოკუმენტში სრულად არის ასახული ის ამოცანები და მიმართულებები, რომლებზეც კომიტეტი როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდობის საკითხებზე მიმდინარე წელს იმუშავებს. სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდების მიერ სასჯელის აღსრულებასა და რესოციალიზაციასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და 2023 წლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის სტატისტიკური მონაცემები გააცნო, რაც არასრულწლოვანთა და ახალგაზრდების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს უკავშირდება და დანაშაულის პრევენციის და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომებზე იმსჯელა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა და კომიტეტში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ შეაფასეს და მომხსენებელს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომიტეტი პერმანენტულ შეხვედრებს გამართავს.