საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალურ სასწავლო ცენტრში მეხანძრე-მაშველთა გადამზადების საბაზისო პროგრამა მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე მეხანძრე-მაშველთა საბაზისო პროფესიული საგანმანათლებლო განახლებული პროგრამა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალურ სასწავლო ცენტრში 22 მეხანძრე-მაშველს 6-კვირიანი სწავლება უტარდება. პროგრამის მონაწილეები გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს პირველადი დახმარების, სახმელეთო ნავიგაციის, რადიოკავშირის გამოყენების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, ხანძრის ქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების საკითხებზე. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. სპეციალური სასწავლო ცენტრი 2022 წელს, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. ცენტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დაქვემდებარებაშია.
სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში როგორც მეხანძრე-მაშველებს, ასევე, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლების პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას.