არჩილ თალაკვაძე: ფაქტობრივად, რეზოლუციით თქვეს, ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორიაო

ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია აბსოლუტურად არის დაშორებული ევროპის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროდეპუტატებმა რეზოლუციით თქვეს, რომ ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორიაო.

„არ შეიძლება, ევროპა იყოს მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის საკითხთან არჩევანში. ეს არის აბსურდი. როდესაც რომელიმე ევროპარლამენტარი გეუბნება, ან ევროკავშირი აირჩიე, ან მართლმსაჯულებაზე თქვი უარიო, ან ევროკავშირი აირჩიე, ან სიმართლეზე თქვი უარი, ან ევროკავშირი, ან მე რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, თუნდაც ეს არასწორი იყოსო, ეს არის აბსურდი. ევროპა არ შეიძლება, იდგეს კანონის უზენაესობასთან წინააღმდეგობაში; ევროპა არ შეიძლება, სასწორის სხვადასხვა პინაზე იდოს ადამიანის უფლებების დაცვასთან, და ადამიანის უფლებების დაცვა არ არის, როდესაც 10 000 პატიმარი არის ერთ პირობებში და ერთი პატიმარი უნდა იყოს განსაკუთრებულ პირობებში. ფაქტობრივად, ამ რეზოლუციით მათ თქვეს, რომ ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორიაო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები