არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ეფუძნება სიმართლეს, აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება

ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ეფუძნება სიმართლეს და აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პუნქტები, რაც რეზოლუციაშია, არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა.

„რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელიც, პრინციპში, მთლიანად ეხება პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ეს რეზოლუცია არ ასახავს რეალობას, არ ეფუძნება სიმართლეს და აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა მოცემულობა გვაქვს და სინამდვილეში ის პუნქტები, რაც რეზოლუციაში ვნახეთ, არის ასევე ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.

მეორე, როდესაც ვთქვი, აბსოლუტურად გამრუდებულია-მეთქი, მინდა, მაგალითი მოვიყვანო, რომ ჰაერზე არ ვისაუბროთ. რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილის პატიმრობა ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ალბათ ეს რომ არ ეწეროს ევროკავშირის რეზოლუციაში, არავინ დაიჯერებდა ასეთ ცინიკურ განცხადებას. თუ რამე ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის, პირველ რიგში, ის მოთხოვნები, რომელიც გვესმის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რა მოთხოვნები გვესმის – დიახ, გაქვთ სასამართლო და სასამართლომ გადაწყვიტა ეს საკითხი, იგივე გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომაც იმ საქმეებზე, რაზეც არის სააკაშვილი გასამართლებული, მაგრამ არა უშავს, გადადეთ გვერდზე სასამართლო და პოლიტიკურად ჩაერიეთ მართლმსაჯულებაშიო. ვინც გააზრებულად დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას ევროპარლამენტში პირადი ინტერესების გამო, თუნდაც მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამო, მათ უღალატეს ევროპას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები