ფრიდონ ინჯია: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოში 2008 წლის ომი სწორედ ჯაშუშების მეშვეობით შედგა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ომში სპეცსამსახურების დავალებით გახვია

“ბოლო დროს გახშირდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული ექსპერტების განცხადებები, რომლებიც საზოგადოებას აჩვევენ აზრს, რომ დასავლური სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა მისაღებია და სათაკილო არ არის”, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია სოციალურ ქსელში წერს.

“პირველად ასეთი განცხადება გიგა ბოკერიამ, ბოლოს კი, დავით ზურაბიშვილმა გააკეთა. მიგვაჩნია, რომ ჯაშუშობა თანაბრად სათაკილოა, როგორც ჩრდილოური, ისე დასავლური სპეცსამსახურების სასარგებლოდ.

ყველასთვის ცნობილია, რომ როდესაც ადამიანი ჯაშუშობას თანხმდება, მას ნებისმიერი დავალების შესრულება უწევს, მაშინაც კი, როდესაც ეს დავალება საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოში 2008 წლის ომი სწორედ ჯაშუშების მეშვეობით შედგა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ომში სპეცსამსახურების დავალებით გახვია.

სწორედ იმისათვის ვითხოვთ 2008 წლის ომის გამოძიებას და ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს და საზოგადოებამ ჯაშუშებთან დაკავშირებული რისკები სრულად გააცნობიეროს.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოება სრულად უნდა იყოს ინფორმირებული ჯაშუშების საქმიანობის შესახებ, ვის სასარგებლოდაც  უნდა მუშაობდნენ ისინი”, – წერს ინჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები