გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2023 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ კომიტეტის 2023 წლის სამუშაო გეგმა წარადგინა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ 2022 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა.

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიშში გასული წლის მანძილზე კომიტეტის მიერ გაწეული აქტივობები იყო წარმოდგენილი. მათ შორის, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხილული და მიღებული საკანონმდებლო აქტები, მიმდინარე კანონპროექტები – შინაური ბინადარი ცხოველების დაცვის, ინერტული, სამშენებლო ნარჩენების მდგრადი მართვის, წყლის რესურსების მართვის შესახებ.

„მომდევნო წლის სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულებები პირველ რიგში განსაზღვრული გვაქვს გარემოს დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით, მეორე მიმართულებაა დაბალემისიანი და კლიმატმედეგი ურბანული და სოფლის განვითარება. მესამე სტრატეგიული მიმართულებაა მწვანე ეკონომიკა, მეოთხე მიმართულება კი ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობაა. ასევე კომიტეტს აქვს ორი თანმდევი სტრატეგიული მიმართულება, რომელთა გათვალისწინება მოხდება აღნიშნული ოთხი პრიორიტეტული მიმართულების განხორციელების დროს. კერძოდ, როგორიცაა გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი დემოკრატიის ჰორიზონტალური პრინციპის გატარება ყველა სხვა სტრატეგიულ მიმართულებასთან მიმართებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი კანონპროექტი, რომლის განხილვასაც და ინიცირებასაც კომიტეტი გეგმავს, ყველა ის საზედამხედველო საქმიანობის მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ მომდევნო წლის განმავლობაში, დაკავშირებული იქნება სწორედ ამ სტრატეგიულ მიმართულებებთან. ჩვენ მთავარ მიმართულებად კვლავ რჩება მეტი გარემოსდაცვითი ინტეგრაცია ქალაქებში და დამატებით იმ პრინციპების გატარება ყველა კანონპროექტსა და საზედამხედველო საქმიანობაში, რომელიც მწვანე ეკონომიკას და მის სხვადასხვა სტრატეგიულ მიმართულებას ეხება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები