იაგო ხვიჩია: ჩემს სახლში რომ ვიღაც შემოდიოდეს, აუცილებლად ვეტყოდი, რომ ამ სახლში ჩემი წესებით თამაშობენ – ჩვენ თუ ევროპის კარს ვუკაკუნებთ, ცხადია, ევროპული წესებით მოგვიწევს თამაში

“ჩემს სახლში რომ ვიღაც შემოდიოდეს, აუცილებლად ვეტყოდი, რომ ამ სახლში ჩემი წესებით თამაშობენ, ჩვენ თუ ევროპის კარს ვუკაკუნებთ, თავისთავად ცხადია, რომ ევროპული წესებით მოგვიწევს თამაში, ეს არ გვინდა? ამისთვის არ მივდივართ ევროპაში?!”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მათი წესებით უნდა იმუშაოს.

ხვიჩიას თქმით, გარკვეული განცხადებების მიზანია, “ნაც-ქოცურ” ჩხუბში ყოფნა.

“მათი განცხადებები ემსახურება იმას, რომ ვერასდროს გავიგოთ, რეალურად რა უნდათ და ვიყოთ ამ “ნაც-ქოცურ” ჩხუბში. ამის შემადგენელი ნაწილია, რომ არ თქვან რა უნდათ: ევროპა უნდათ თუ არ უნდათ, დამოუკიდებელი სასამართლო უნდათ თუ არა, თავისუფალი ქვეყანა უნდათ, თუ არ უნდათ. მათ სურთ ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. ამისთვის ევროპაა საჭირო? – იტყვიან, “კი ბატონო, ვიქნებით ევროპელები,” “ანტიევროპელობაა საჭირო, ვიქნებით ანტიევროპელები, კიდევ სხვა რამე ვიქნებით, მნიშვნელობა არ აქვს რა, ოღონდ ძალაუფლება შევინარჩუნოთ”. ამ წუთას გამოსავალს ანტიევროპელობაში ხედავენ და იმის თქმაში, რომ ომში გვითრევენ, მინიმუმ მანამ, სანამ ომია და ხალხი შეშინებულია იმით, რომ საქართველოშიც ვინმემ რამე არ გაისროლოს. სინამდვილეში, არც ერთი ქვეყანა ომში არ ჩართულა, არავის მოუთხოვია არავისთვის ომში ჩართვა და ამ პირობებში მიდის კამპანიის ტირაჟირება, რომ ევროპელები და ამერიკელები ომს გვთხოვენ, მარტო ჩვენ სამყაროში თურმე”, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები