დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
პარლამენტის ინფორმაციით, საკითხი სხდომაზე განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომ საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება შეძლოს არა მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციამ, არამედ სხვა წყალმოსარგებლემაც. მომხსენებლის განმარტებით, 2019 წელს მიღებული, დღეს მოქმედი კანონის თანახმად, გარკვეული შეზღუდვები იყო, რომელიც არეგულირებდა ურთიერთობას მხოლოდ მელიორაციასა და წყალმოსარგებლეებს შორის, ამ დროს წყალმომარაგებას ჰყავს მომხმარებლის ფართო სპექტრი.
შესაბამისად, კანონპროექტით ფართოვდება წყალმომხმარებელთა არეალი, განისაზღვრება საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამოყენების ტარიფები და წესები. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა „KfW” (მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმება”, რომელიც ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს ითვალისწინებს.
„გერმანიის მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმება ამ მიმართულებით 4 ფაზის სამუშაოებს მოიცავდა, აქედან სამი ფაზის სამუშაოები უკვე დასრულებულია, მეოთხე ფაზა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. საჭიროა კიდევ დამატებით მეხუთე ფაზა, რომელიც ითვალისწინებს 53 მლნ ევროს კრედიტის გამოყოფას, რომ ბათუმი და მისი შემოერთებული ტერიტორიები (ადლია, აეროპორტი, ჩაქვი, ინდუსტრიის ზონა, ხელვაჩაური და მენჯისწყალი) სრულად მოვიცვათ და იქ თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მოეწყოს. სწორედ ამას ითვალისწინებს აღნიშნული შეთანხმება”, – განაცხადა სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმების პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. სხდომაზე კენჭისყრით დაამტკიცეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც „ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის” (Facility) პროექტთან თანამშრომლობით შემუშავდა.