განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია განიხილა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია განიხილა და მხარი დაუჭირა. კონცეფციის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განსაზღვროს სახელმწიფო პოლიტიკა და პრიორიტეტები.

კონცეფციის ერთ-ერთი ინიციატორის, ნინო წილოსანის განცხადებით, დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზაზე გვხვდება და ასევე მოცემულია ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით საქართველოში თანასწორობის განმტკიცებისკენ.

„ქალების ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით, რომელმაც საქართველოს შემთხვევა გამოიკვლია, ქალები ისეთივე დოზით რომ იყვნენ ჩართულნი ეკონომიკურ აქტივობაში, როგორც კაცები, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით გაიზრდებოდა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანის განცხადებით კონცეფცია ეყრდნობა ადამიანის უფლებების და ქალთა გაძლიერების საყოველთაო პრინციპებს და პასუხობს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მათ შორის, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა ყურადღება კონცეფციაში განათლების კომპონენტზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა.

„განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ჩვენ, რა თქმა უნდა ყოველთვის დავუჭერთ მხარს, ქალთა და კაცთა თანაბარ ხელმისაწვდომობას განათლების მიღების ნებისმიერ ეტაპზე”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები