განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები დეპუტატებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა გააცნო.

მისი განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტით რეგულირდება მეზღვაურთა შრომით და სოციალურ პირობებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პაკეტში შემავალი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” კანონი არეგულირებს მეზღვაურებისთვის სამედიცინო ცნობების გაცემას. „საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე დასაქმებული ყოველი მეზღვაური ვალდებულია ფლობდეს მოქმედი მეზღვაურის სამედიცინოს მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გემზე შესასრულებელ მოვალეობებს,” – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაზე. მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2022 წელს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა”.
პროგრამის დაფინანსების მიზნით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოს 100 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. პროგრამა ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროებში. კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები