ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონპროექტი განიხილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ადგენს ინტეგრირებული ნებართვის ფლობის ვალდებულებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების პოტენციალის მქონე ისეთი სამრეწველო საქმიანობებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია ევროდირექტივით.
„ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სისტემა გულისხმობს სათანადო მონიტორინგისა და კონტროლის წარმოებას, მათ შორის, ინტეგრირებული ნებართვით განსაზღვრული პირობების თვითმონიტორინგს. კანონპროექტის მიხედვით, ემისიებთან დაკავშირებული მონიტორინგის მოთხოვნები – გაზომვის მეთოდოლოგია, სიხშირე, შეფასების პროცედურა – უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
კანონპროექტის მიღების შედეგად, სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიმართულებით ჩამოყალიბდება ევროკავშირის კანონმდებლობის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა. კანონპროექტი ასევე უზრუნველყოფს ინტეგრირებული ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მაქსიმალურ საჯაროობას და საზოგადოების ჩართულობას ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცედურის ყველა ეტაპზე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.