კულტურის მინისტრი სამეგრელოში მიურატების ოჯახს ეწვია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში ჩავიდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მან პრინც აშილ მიურატის სასახლე მოინახულა და მამულის მდგომარეობას გაეცნო.
თეა წულუკიანი სასახლის დათვალიერებისას ისტორიულ სიძველეებსა და უნიკალურ ფოტოებს გაეცნო. მან მოინახულა აშილ მიურატის საფლავიც, რომელიც რესტავრაციას საჭიროებს, გაესაუბრა პრინცის შთამომავლებს და მათთან ერთად განიხილა ისტორიული სასახლისა და გარემოს განვითარების პერსპექტივა.
„პრინც აშილ მიურატის სასახლე მისივე დაკვეთით 1890-იან წლებში არტურ ზუტნერის პროექტით აშენდა. პრინცი მიურატი დადიანების სიძე იყო. ის ეკატერინე ჭავჭავაძის შვილზე, სალომე დადიანზე, 1868 წელს პარიზში დაქორწინდა. საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრი, ნაპოლეონ მესამის ადიუტანტი და ნეაპოლის მეფის შთამომავალი აშილ მიურატი, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, მეუღლესა და შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და სამეგრელოში დასახლდა. ის მისდევდა მიწათმოქმედებას და დაინტერესებული იყო მევენახეობით. სწორედ აშილ მიურატმა მოაშენა თითქმის გამქრალი ვაზის ჯიში ოჯალეში, რომლისგანაც ის საუკეთესო ღვინოს ამზადებდა. პრინცის დაყენებულმა ღვინომ იმდროინდელ საქართველოსა და ევროპაში განსაკუთრებით გაითქვა სახელი.
პრინცი მიურატი საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობითაც გამოირჩეოდა. იგი ყველანაირად ცდილობდა, ადამიანებისთვის ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა, ეხმარებოდა სიდუხჭირეში მყოფ ოჯახებს, აარსებდა სკოლებსა და აფთიაქებს, გაჰყავდა გზები.
სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში აშილ მიურატის მამული და სასახლე გავერანდა. 1996 წელს მისი შთამომავლები – პრინცი ალენ მიურატი, პრინცესა ვერონიკა ტრამკური და მათი შვილი, პრინცესა მატილდა მიურატი საქართველოში დაბრუნდნენ. მათ ჭკადუაშის სასახლე თავიანთი ხელით აღადგინეს და მამულის განაშენიანება დაიწყე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.