ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან

ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა – გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე”.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, საქართველო იქცეს ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და პრინციპში, 101,7%-ით იმატა. ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს და იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა. ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან. საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას და არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ჩემი ქვეყანა უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობებში. საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გაფართოებისთვის უფრო დიდ რეგიონში, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს საქართველოს გავლით კომპანიებს შეეძლებათ ისარგებლონ ევროპის 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომით , საბაჟო მოსაკრებლის და იმპორტის გადასახადის გარეშე. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, დსთ-თან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობისა და ასოციაციის ქვეყნებთან, უკრაინასა და თურქეთთან. გარდა ამისა, ჩვენ ვსარგებლობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით მონიჭებული უპირატესობებით”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები