კულტურის სამინისტროს პროექტის, „თეატრალური საგანძურის”, პრეზენტაცია გაიმართა
კინოთეატრ „კავეაში” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის, „თეატრალური საგანძურის”, პრეზენტაცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება დიდი ქართველი რეჟისორის, თეატრის მკვლევრის, პედაგოგის, კინომსახიობთა თეატრის დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის, დაბადების დღეზე ჩატარდა და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისისა და რეგიონების სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „პრაიმ შოუს სტუდიის” გუნდი 2022 წლიდან მაღალი ხარისხით იღებს თბილისსა და რეგიონებში მოქმედი სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სპექტაკლებს. მაყურებელს სპექტაკლების ნახვა შეუძლია ვებგვერდზე www.theaters.ge. პირველ ეტაპზე პორტალზე ატვირთულია სპექტაკლები: „უსახური” (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), „შავი ფრინველი” (რეჟისორი გეგა გაგნიძე), „ხალდე” (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე), „ჰარპაგონი” (რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა), „მოჩვენებები” (რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი), „რესპუბლიკა გურია” (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), „მახინჯი იხვის ჭუკი” (რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე), „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი” (რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი), „სტუმარი” (რეჟისორი დავით საყვარელიძე) და ნიკოლოზ საბაშვილის თოჯინური სპექტაკლი ,,იავნანამ რა ჰქმნა?!” სხვა სპექტაკლები ვებგვერდზე ეტაპობრივად აიტვირთება.
გარდა სპექტაკლების მაღალი ხარისხის ჩანაწერებისა, ვებგვერდზე გამოქვეყნდება თეატრისა და კინოს მსახიობებთან ინტერვიუები, რომლებშიც ისინი საკუთარი ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ეპიზოდებზე ჰყვებიან. პორტალზე უკვე შეგიძლიათ ნახოთ ბერტა ხაფავას, იმედა კახიანის, მაკა გოგიჩაიშვილისა და ნუგზარ ყურაშვილის ვიდეოჩანაწერები. ცნობილი ქართველი მსახიობების ინტერვიუების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა ტელევიზიის არქივებშია დაცული და საზოგადოებას მათზე ხელი არ მიუწვდება. ამასთანავე, ახალ პორტალზე განთავსებული ჩანაწერების უმეტესობა ეხება კონკრეტულ თემას ან მონაკვეთს მათი ცხოვრებიდან. ვებგვერდს ეტაპობრივად დაემატება ინფორმაცია თეატრების შესახებ, განთავსდება აფიშები, განცხადებები პრემიერების შესახებ და სხვ. ვებგვერდი ხელმისაწვდომია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრები ქართული თეატრით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. პროექტი უპრეცედენტოა, რადგან აქამდე არ არსებობდა პლატფორმა, სადაც თანამედროვე ქართული სპექტაკლების სრული და მაღალი ხარისხის ჩანაწერების ნახვა იქნებოდა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ „პრაიმ შოუ სტუდიის” გუნდს მსგავსი ვიდეოების გადაღების დიდი გამოცდილება აქვს. გარდა სატელევიზიო გადაცემებისა და სიუჟეტების მომზადებისა, გუნდს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი. მათი გადაღებულია 2021-2022 წლებში დადიანების სასახლეში გამართული საშობაო მეჯლისები, საქველმოქმედო კონცერტი ქართველი და უკრაინელი არტისტების მონაწილეობით. მათვე შექმნეს ქართული კულტურის ვიდეოალმანახი და სხვ. ვებგვერდი ხელს შეუწყობს ქართული თეატრების, განსაკუთრებით – რეგიონული და კერძო თეატრების პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანასა თუ უცხოეთში და უნიკალურ ეროვნულ საგანძურს ციფრული ფორმატით შემოუნახავს მომავალ თაობებს.