ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი არც ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ახალი თავმჯდომარის პირობებში პარტიის სამოქმედო გეგმას არ ემხრობა და ამბობს, რომ, პროცესის რადიკალიზაციის არასწორად განვითარების შემთხვევაში, პარტიას უმძიმესი პრობლემები შეექმნება.
როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, ახლა მნიშვნელოვანია, პარტნიორების ნდობა არ დაკარგონ.
„მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები.
თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასობრივ პროტესტს არ ვგულისხმობ), ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა, უფრო არ გაუშვებენ მიშას. მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის“, – წერს დეკანოიძე.