გაერო: უკრაინის მოსახლეობის თითქმის 40%-ს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსის ინფორმაციით, უკრაინაში 17 მილიონ 600 ათას ადამიანს, ანუ მოსახლეობის თითქმის 40%-ს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.
მარტინ გრიფიტსი უკრაინას 2022 წლის დეკემბერში ეწვია და საკუთარი თვალით ნახა ნგრევის და მსხვერპლის ის მასშტაბი, რასაც ქვეყანა რუსეთის აგრესიის შედეგად განიცდის.
როგორც მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა, 7 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას, თითქმის 8 მილიონმა ქვეყანა დატოვა, 5,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულია და ცხოვრობს ლტოლვილთა ცენტრებში.
გრიფიტსის ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ხალხი დაბომბვისგან თავს დღეების და კვირების განმავლობაში სარდაფებს აფარებს. დანგრეულია სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მთელი ქალაქები და სოფლებია ნანგრევებშია.
„და ამ ძალადობას დასასრული არ აქვს. გასულ კვირას ფრონტის ხაზის ორივე მხარეს დაბომბვამ საავადმყოფოების განადგურება და ათობით ადამიანის სიკვდილი და დაშავება გამოიწვია“, – თქვა გრიფიტსმა.
2022 წელს გაეროს 650 ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ უკრაინის 24 რეგიონში დახმარება თითქმის 16 მილიონ ადამიანს გაუწია, მათ შორის, რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების თითქმის 1,5 მილიონ მცხოვრებს.
გრიფიტსმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ჟენევაში ის 2023 წლის დახმარების ახალ პროგრამას წარადგენს.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწევს, დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის გამოყოფა 11 მილიონი ადამიანის დასახმარებლად, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთის ყოვლისმომცველი შეჭრის შედეგად.