ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია – ეროვნულ გალერეაში

4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის მუდმივმოქმედი გამოფენა განახლებული ექსპოზიციით იხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოიფინება მხატვრის 15 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ნამუშევართა უმრავლესობა ბოლო პერიოდის ექსპოზიციებში არ ყოფილა გამოფენილი.
„ცვლილება დაკავშირებულია 2023 წელს დაგეგმილ ნიკო ფიროსმანაშვილის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებთან. 2023 წლის 4 მაისიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება, 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე კი – შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში. გამოფენებისთვის შერჩეულია მხატვრის ორმოცდაათამდე ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.
გამოფენა ორგანიზებულია ფონდ ბეილერის და ლუიზიანას მუზეუმის მიერ და ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ფონდ InfinitArt-ის დიდი მხარდაჭერით. აღნიშნული ფონდი იყო 2018-2019 წლებში, ვენაში (ავსტრია), ალბერტინას მუზეუმში და არლში (საფრანგეთი), ვინსენტ ვან გოგის ფონდში მოწყობილი ნიკო ფიროსმანის გამოფენის „NIKO PIROSMANI: WANDERER BETWEEN WORLDS” ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და ბეილერის ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნება მრავალენოვანი ვებგვერდი ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ. პროექტი შეუწყობს ხელს მსოფლიოში ფიროსმანის უნიკალური ფენომენის პოპულარიზაციას“, – ნათქვამია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები