თალაკვაძე – რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის ინიციატივასა და რუსეთის განცხადებაზე

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის ინიციატივასა და რუსეთის განცხადებაზე. საქართველო არ არღვევს სანქციებს. საქართველო არც მომავალში არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს, რადგან ჩვენი ადგილი არის ევროპულ ოჯახში და ჩვენი პარტნიორია დასავლეთი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“საქართველომ ამაზე პოზიცია დააფიქსირა, ეს არ არის არც საქართველოს გადაწყვეტილება და არც ის, რაც საქართველომ მოითხოვა. რუსეთს ცალმხრივად შეზღუდული და დაბლოკილი ჰქონდა ფრენები და განცხადება ისევ რუსეთმა გააკეთა. შესაბამისად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის ინიციატივასა და რუსეთის განცხადებაზე. რაც ჩვენ გვეხება, ჩვენთან მიმართებით აშშ- ის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს. საქართველო არც მომავალში არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს, რადგან ჩვენი ადგილი არის ევროპულ ოჯახში და ჩვენი პარტნიორია დასავლეთი,” – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

მანამდე კი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა აღნიშნულ საკითხზე თქვა, რომ „ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო, ხოლო ფრენების აღდგენის საკითხი თბილისის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები