„უმნიშვნელოვანესია, მუშაობა გაგრძელდეს იმაზე, თუ როგორ იქნება მგზავრებისთვის გაუმჯობესებული მომსახურება, უსაფრთხოება“ – ეკა ლალიაშვილი ტაქსების რეფორმას აფასებს
„როგორც კი ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გადავაგორებთ, უმნიშვნელოვანესია, დაანონსებული იქნას და მუშაობა გაგრძელდეს იმაზე, თუ როგორ იქნება მგზავრებისთვის გაუმჯობესებული მომსახურება, უსაფრთხოება, – ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ლალიაშვილმა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა.
მისი თქმით, ეს რეფორმა სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის განხორციელების შემდეგ ველით, რომ სატაქსო მომსახურება მგზავრებისთვის უფრო უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება.
„გუშინ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც, პირველ რიგში, მოქალაქეებისთვის, მომხმარებლებისთვის, მგზავრებისთვისაა, ასევე რასაკვირველია, მძღოლებისა და ბიზნესსექტორისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული რეფორმა ყველა მონაწილისთვის თანაბრად სარგებლიანი და მომგებიანი უნდა იყოს. ეს რეფორმა სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის განხორციელების შემდეგ ველით, რომ სატაქსო მომსახურება მგზავრებისთვის უფრო უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება. გუშინ ძირითადი აქცენტი ნებართვების გაცემაზე იქნა გაკეთებული, განსაკუთრებით A კატეგორიის ნებართვაზე ტაქსებისთვის, მძღოლებისთვის, თუ კომპანიებისთვის, რომელიც მოგვიანებით, შეიძლება, ფასიანი ქაღალდი გახდეს და იმაზე მეტი ფინანსური ღირებულება შეიძინოს, ვიდრე დღეს აქვს. ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, ეს ნებართვა შეიძინოს, რასაკვირველია, სხვადასხვა პირობაა მათთვის, ვინც ამას ახლა გამოიყენებს და მათთვის, ვინც მოგვიანებით სარგებლობისთვის შემოინახავს. ნებისმიერ შემთხვევაში ამის შეძენა მხოლოდ უახლოესი 1 თვის ფარგლებში მოხდება, შემდეგ ამ ტიპის ლიცენზიების გაცემა აღარ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე A კატეგორიის ნებართვის ლიმიტირებული ოდენობა იქნება, რომელიც მოგვიანებით შეიძლება, როგორც ტაქსის მძღოლმა, ისე ნებისმიერმა მსურველმა გამოიყენოს, შეუძლია , იჯარით გასცეს , ან გაყიდოს. ეს საქმიანობა, პრაქტიკულად, ბიზნესსაქმიანობად იქცევა, მასში, შესაძლოა, არა მხოლოდ ტაქსის მძღოლები, არამედ სხვა პირებიც ჩაერთონ. რას ვხედავთ მთლიანობაში ამ ტიპის ქმედებებისგან: შედეგი შეიძლება, იყოს ის, რომ A კატეგორიის ნებართვები ლიმიტირებული იქნება, ეს ფასიანი ქაღალდი ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შეიძენს. შესაძლებელია, პერსპექტივაში ეს მგზავრობის საფასურზე აისახოს, თუმცა, არ მგონია, რომ ეს დღეს, ან ხვალ ასე სწრაფად მოხდეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, შესაძლოა, ეს გარდაუვალი იყოს.
მთლიანობაში მომსახურებას რაც შეეხება: ჯერჯერობით ვერ ვხედავთ და არ მოგვისმენია, თუ რა სარგებელი შეიძლება, მოიტანოს ამ რეფორმამ მომხმარებლებისთვის, მგზავრებისთვის. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, როგორც კი მესამე ეტაპს გადავაგორებთ, დაანონსებული იქნას და მუშაობა გაგრძელდეს იმაზე, თუ როგორ იქნება მგზავრებისთვის გაუმჯებესებული მომსახურება, უსაფრთხოება. გარდა იმისა, რომ ეს ბიზნესისთვის ნებართვების ნაწილში საინტერესოა, ასევე მნიშვნელოვანია, მძღოლების მიმართ გარკვეული პირობები იყოს წაყენებული, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათი უნარ- ჩვევების, ქალაქის, ქუჩების ცოდნის კონტროლს, იქნება გამრიცხველიანება, ნავიგაციის სისტემის მოთხოვნა, ჰიგიენური პირობების დაკმაყოფილება, მგზავრთან ურთიერთობის სასურველი დონე. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ავტომობილის გამართულობა, ცხელი ხაზი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მარეგულირებელთან უკუკავშირი განახორციელოს. იმედია, ამ საკითხების შესახებ ახლო მომავალში თბილისის მუნიციპალიტეტთან ფართო კომუნიკაცია და ჩართულობა გვექნება“- განაცხადა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდება. დაგეგმილი სიახლეები თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გუშინ წარადგინეს. კახა კალაძის თქმით, ეს პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. მესამე ეტაპზე ლიცენზია უვადო გახდება და მფლობელის საკუთრება იქნება.
„ეს ნებართვა პირველი აპრილიდან იქნება თქვენი საკუთრება. მეტ ლიცენზიას, ნებართვას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს. ვნახეთ, როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში. ალბათ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ, ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ და იცით, რომ ტაქსის ნებართვები აღარ არსებობს საერთოდ. ის ოჯახებიდან გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც თავის დროზე აღებული აქვს ნებართვა. თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, ამ ნებართვით გააგრძელოს საქმიანობა, ვქმნით შესაბამის პლატფორმას, სადაც შეეძლებათ, ამ საქმიანობის ლიცენზია გამოიტანოს და ივაჭროს. ნებართვა 1 000 და 2 000 ლარი კი არ ეღირება, არამედ გაცილებით მეტი. ამას ცხადია, გარკვეული დრო დასჭირდება. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ხელში მნიშვნელოვანი აქტივი გქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ტაქსის ნებართვის ფლობისა და გასხვისების შესაძლებლობებზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა. „2023 წლის პირველი აპრილიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტი A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემას შეწყვეტს, ნებისმიერი პირი, ვისაც სურს, მსგავს ნებართვას ფლობდეს, მას შეძენის ან იჯარის გზით, მხოლოდ იმ პირებისგან მიიღებს, ვინც მსგავსი ტიპის ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს. ტრანზაქციებში, ასევე, ერთვებიან იურიდიული პირები. პირველი აპრილიდან განახლდება და ამოქმედდება ელექტრონული ვებგვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge, სადაც ყველა ტრანზაქციის შესრულება იქნება შესაძლებელი: ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა, ნებართვის მართვა, პირადი პროფილის მართვა, კუთვნილ ნებართვაზე იჯარით გათვალისწინებული მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მიბმა ან მოხსნა. დეტალური ინსტრუქციისთვის შედგენილია სპეციალური ვიდეოგზამკვლევი, რომელიც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე განთავსდება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
მისი განმარტებით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი არსებული, ძველი სისტემით, A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს. „პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ახალი სისტემით გათვალისწინებულ, A კატეგორიის ნებართვას გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით“, – აღნიშნა ვიცე-მერმა.
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლშიც შეეძლებათ.